ლეონ ცუკერნიკმა კიდევ ერთი მოთამაშე €2.000.000 ევროში 'გადააგდო'
King's Casino Rozvadov-ის მფლობელმა და ჰაი სტეიკს მოთამაშემ, ლეონ ცუკერნიკმა პოკერის ონლაინ გამოცემების გასული თვის ჰედლაინები დაიპყრო - მან ავსტრალიელ მოთამაშეს, მეტ კირკს წაგებული $2.000.000 დოლარი არ გადაუხადა. როგორც ჩანს, ცუკერნიკი 'გადამგდების' რეპუტაციას კიდევ უფრო იმყარებს.
ამჯერად, ცუკერნიკთან პრეტენზიები ჩინური წარმოშობის ამერიკელ მოთამაშეს, მონტე კარლოში გამართული One Drop-ის გამარჯვებულ ელტონ ცანგს გაუჩნდა. როგორც ის ამბობს, ლეონ ცუკერნიკს მისი €2.000.000 ევრო მართებს.
ელტონ ცანგმა სახელი სწორედ მონტე კარლოს One Drop-ით გაითქვა, როდესაც პირველი ადგილისთვის მან €11.000.000 ევრო მიიღო. მისი მონათხრობის მიხედვით ირკვევა, რომ ის ბარსელონაში ჩავიდა, EPT-ის ტურნირზე სათამაშოდ. მიუხედავად იმისა, რომ ის ტურნირზე იყო ორიენტირებული, სრულიად შემთხვევით ის ძვირადღირებულ ქეშ-გეიმზე მოხვდა, სადაც ტონი ჯი, დენიელ ქეითსი, ფედორ ჰოლცი, ლეონ ცუკერნიკი და უინფრედ იუ თამაშობდნენ.
ქეშ-გეიმის ბლაინდები €1.000/€2.000 ევროთი განისაზღვრა. ქეშ-გეიმი ცანგმა €2.4 მილიონი ევროს პლუსით დაასრულა. ამ მომენტისთვის ბლაინდები €5.000/€10.000ევრომდე იყო ასული. ცუკერნიკმა მას ჰედს-აპის თამაში შესთავაზა, €10.000/€20.000 ევროიანი სტრუქტურით. ჰედს-აპის პირველ სესიაზე ცანგმა €1.4 მილიონი ევრო დაკარგა, რომელსაც მეორე დღის სესიაზე €130.000 ევროიანი მინუსი მოჰყვა.
ჰედს-აპ სესიების შემდეგ, ცანგმა თამაში სხვა მოთამაშეებთან ერთად გააგრძელა. მაგიდაზე, მის გარდა, ცუკერნიკი, დენიელ ქეითსი და კრისტოფ ვოგელსანგი ისხდნენ. დენ ქეითსმა 200.000 ევრო, ვოგელსანგმა კი მხოლოდ 65.000 ევრო დაკარგეს. ცანგის 2.000.000 ევროიანი პროფიტის ძირითადი ნაწილი სწორედ ლეონ ცუკერნიკზე მოდიოდა. როდესაც ცუკერნიკმა სათამაშო მაგიდა დატოვა, ცანგმა გარკვეული პერიოდი იცადა, შემდეგ ისიც სასტუმროს ნომერში დაბრუნდა.
მოგვიანებით, ლეონ ცუკენრიკი ელტონ ცანგს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ასეთი გარიგება შესთავაზა: ის ჰედს-აპ სესიაზე მოგებულ €1.19 მილიონ ევროს არ მოითხოვდა, სანაცვლოდ კი ცანგს მის მიერ მოგებულ €2 მილიონ ევროზე უნდა ეთქვა უარი. ელტონ ცანგი ცუკერნიკის ასეთ შეთავაზებას არ დათანხმდა და უთხრა, რომ თამაში თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა, ყველა წესის დაცვით და მას ფული უნდა გადაეხადა. ფული კი ჩინელ მოთამაშეს ამ დრომდე არ მიუღია.
"ლეონ ცუკერნიკმა უამრავი ადამიანი გამოაგზავნა ჩემთან მოსალაპარაკებლად, - ყვება ცანგი, - მეუბნებოდნენ, რომ ის არც პატარა ბიჭი იყო და არც ბოისკაუტი. მეუბნებოდნენ, რომ მას საკმაოდ ძლიერი 'ზურგი' ჰქონდა. მე მათ მინიშნებებს ვხვდებოდი და გადავწყვიტე, რომ თუ მას უნდა მოვეკალი, დაე ასე მომხდარიყო!"
მეტ კირკისა და ლეონ ცუკერნიკის დაპირისპირების გახმაურების შემდეგ, ელტონ ცანგმა ყველაფრის ხმამაღლა თქმა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მეტ კირკისგან განსხვავებით, ელტონ ცანგი საქმის სასამართლოზე განხილვას ვერ მოახერხებს, რადგან მას არანაირი იურიდიული ხელშეკრულება, ან მტკიცებულება არ აქვს მსგავსი საქმის საწარმოებლად.