Poker Masters-ის Purple Jacket-ის მფლობელი შტეფენ სონტაიმერი გახდა
Aria-ში გამართული Poker Masters-ის სერიების ყველაზე მომგებიანი მოთამაშე გერმანელი შტეფენ სონტაიმერი გახდა, რომელსაც, ტრადიციისამებრ, Purple Jacket გადაეცა. სონტაიმერმა 'მასტერსის' სერიები $100.000 დოლარიანი ივენთის მოგებით დაასრულა, რომლის პირველი ადგილისთვისაც $1.512.000 დოლარი მიიღო.
სონტაიმერმა, მიმდინარე სერიებზე, საოცარი შედეგი აჩვენა: $100.000 დოლარიანი ივენთის მოგების გარდა, მან ოთხი $50.000 დოლარიანი ტურნირიდან ერთ-ერთი მოიგო, დანარჩენ ორზე კი ფინალურ მაგიდებზე გასვლა შეძლო.
სონტაიმერის მიერ მოგებული ტურნირის ფინალური მაგიდა გერმანული დესანტით იყო დატვირთული: დღის დასაწყისში, მაგიდის ჩიპლიდერი გერმანელი ფედორ ჰოლცი იყო, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ, ასევე გერმანელი, კრისტიან კრისტნერი, თავად სონტაიმერი და შტეფან შილჰებელი. ფინალურ ექვსეულს ამერიკელი ჯასტინ ბონომო და სეტ დევისი ასრულებდნენ.
ფინალური ჰედს-აპი შტეფენ სონტაიმერსა და კრისტიან კრისტნერს შორის გაიმართა. სონტაიმერის სტეკი, ჰედს-აპის სასტარტო მომენტისთვის, მეტოქისას ორჯერ აღემატებოდა. 18 დარიგებაში, მისი ჩიპლიდი კიდევ უფრო გაიზარდა და ამჯერად მოწინააღმდეგეს 17:1 შეფარდებით გაუსწრო. კიდევ 5 დარიგება გახდა საჭირო, რათა სონტაიმერს საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა: კრისტნერმა დარჩენილი ჩიპები 22-ის იმედად მაგიდის ცენტრში მოაქცია, მაგრამ სონტაიმერის QQ-ის წინააღმდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ტურნირის პირველი 6 ადგილი ასე გადანაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | შტეფენ სონტაიმერი | გერმანია | $1.512.000 |
2 | კრისტიან კრისტნერი | გერმანია | $864.000 |
3 | ფედორ ჰოლცი | გერმანია | $504.000 |
4 | სეტ დევისი | აშშ | $324.000 |
5 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $216.000 |
6 | შტეფან შილჰებელი | გერმანია | $180.000 |