Poker After Dark-ის ახალ სერიებში დუანი და გალფონდი ომაჰას ითამაშებენ
პოტ ლიმიტ ომაჰას ფანებს დიდი სიხარული ელით: მიმდინარე კვირის Poker After Dark-ის ეპიზოდებში ტომ დუანი, ფილ გალფონდი, აიზიკ ჰექსტონი და სხვა ცნობილი მოთამაშეები, ცოტა ხნით, ჰოლდემს დაივიწყებენ და პოკერის ერთ-ერთ ყველაზე აზარტულ, ცოცხალ და დინამიურ თამაშს მიუბრუნდებიან. პირდაპირი ეთერის ნახვის საშუალება PokerCentral-ის ახალ პლატფორმაზე, PokerGo-ზე იქნება შესაძლებელი. სამწუხაროდ, პოკერის მოყვარულებს უფასო ეპიზოდების ხილვის საშუალება ჯერჯერობით არ აქვთ.
$300/$600 ლიმიტის თამაში 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას შემდეგი მოთამაშეები მიიღბენ:
- ტომ დუანი
- აიზიკ ჰექსტონი
- ფილ გალფონდი
- ბრაიან რასტი
- ბენ ლემი
- ბრენდონ ადამსი
ბრაიან რასტის, ბენ ლემის, აიზიკ ჰექსტონისა და ბრენდონ ადამსის ნახვა, ძვირადღირებულ თამაშებში, ხშირადაა შესაძლებელი. ბენ ლემი PokerGo-ს ეკრანებზე, მიმდინარე წელს, მეორედ მოხვდა - Poker After Dark-ის გარდა, მან WSOP-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზეც ითამაშა.
ტომ დუანი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გამქრალი საზოგადოების თვალთახედვიდან და ონლაინ გამოცემების რადარებიდან. ლეგენდარულმა ქეშ-გეიმერმა Poker After Dark-ის ახალ ეპიზოდებში უკვე მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი, დიდი დარიგება ითამაშა. პოკერის უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პოტ ლიმიტ ომაჰა დუანის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია, რომელშიც მასთან დაპირისპირებას პატრიკ ანტონიუსი და ვიქტორ ბლომი თუ ბედავდნენ.
რაც შეეხება ფილ გალფონდს - მისი დაბრუნება ტელეეკრანებზე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ლეგენდარული გრაინდერი უკვე რამდენიმე წელია, რაც ფართო პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა. ის ბიზნეს პროექტებით, ონლაინ პოკერ რუმის გახსნით და პოკერის სატრეინინგო საიტითაა დაკავებული.