ლეონ ცუკერნიკი მეტ კირკისგან $10.000.000 დოლარის გადახდას ითხოვს
Kings Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი, ავსტრალიელი მოთამაშის, მეტ კირკის ბრალდებებს საპასუხო საჩივრით პასუხობს და მისგან $10.000.000 დოლარის გადახდას ითხოვს. როზვადოვში მდებარე კაზინოს მფლობელის განმარტებით, ის მოტყუების გზით იქნა ჩათრეული კირკის წინააღმდეგ უთანასწორო ჰედს-აპ სესიაში, რომლის მოწყობაშიც ლას ვეგასში მდებარე კაზინო Aria-ს მენეჯმენტიც იყო ჩართული.
ყველაფერი მეტ კირკის მიერ, მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ავსტრალიელი მოთამაშე ცუკერნიკისგან $2.000.000 დოლარს ითხოვს. Aria-ში გამართული სესიის დროს, დამარცხების შემდეგ, ლეონ ცუკერნიკმა მოწინააღმდეგისგან $3.000.000ნ დოლარი ისესხა და კვლავ წააგო. ნასესხები თანხიდან, ერთი კვირის შემდეგ, მან $1.000.000 დოლარი დააბრუნა, ხოლო დარჩენილი ვალის დაბრუნებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ ლეონ ცუკერნიკს რამდენიმემილიონიანი ვალი არც ელტონ ცანგისთვის დაუბრუნებია.
კირკის საჩივარი გასულ თვეში იქნა განხილული. პროცესზე, მოსამართლე ლინდა მერი ბელმა განაცხადა, რომ ნევადის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს არ შეუძლია პირს იმ ვალის გადახდა დააკისროს, რომლის აღებაც თამაშის პროცესში მოხდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლის განმარტებით, აშკარაა თაღლითობისა და მოტყუების ნიშნები, რომელიც ცუკერნიკისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის დამკისრებელი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზეზით, მან პროცესს განვითარების საშუალება მისცა.
ლეონ ცუკერნიკის საჩივარში ნათქვამია, რომ სესიის იმ მომენტისთვის, როდესაც ვალის აღება მოხდა, ის საკმაოდ ნასვამი იყო. ის არათუ დაღლილი და ნასვამი იყო, არამედ კარტების ცნობასაც კი ვერ ახერხებდა, რადგან კაზინოს თანამშრომლები მას მუდმივად სთავაზობდნენ ალკოჰოლს.
დენიელ ნეგრანუ აღნიშნულ ფაქტს 'ტვიტერზე' შემდეგი პოსტით უპასუხა: "ბელაჯიოში' ხშირად ვთრებოდი და მთელ ბანკროლს ვხარჯავდი. სამაგიეროდ, არასდროს მივსულვარ მეორე დღეს და სიმთვრალის მომიზეზებით, არასდროს მითხოვია წაგებული თანხის დაბრუნება." მეტ კირკს მხარდაჭერა გამოუცხადეს ასევე დოილ ბრანსონმა და ბილ პერკინსმა.