ჰაი სტეიკს რეგულარი, ჩარლი კარელი კრის ფერგიუსონს მხარდაჭერას უცხადებს
24 წლის ბრიტანელი პროფესიონალი მოთამაშის, ჩარლი კარელის კარიერა წარმოუდგენელი სიჩქარით მიიწევს წინ: €111.111 ევროიანი One Drop ჰაი როლერის ფინალურ მაგიდაზე თამაშის შემდეგ, როდესაც მან €295.000 ევროზე მეტი მოიგო, მისმა სატურნირო შემოსავალმა $6.000.000 დოლარს გადააჭარბა.
კარელი რამდენიმე დღის წინ, Betcoin-ის მოთამაშესთან, სკოტ ლენტერთან ერთად ერთობლივ პოდკასტში გამოჩნდა, სადაც ბრიტანელმა პირადი ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაამხილა.
პირველ რიგში, მან პოკერის სამყაროში მის გმირებსა და ანტიგმირებზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, მისი მთავარი ინსპირატორები დენიელ ნეგრანუ და ტონი ჯი არიან. რა თქმა უნდა, High Stakes Poker-ის სხვა მოყვარულების მსგავსად, კარელის ერთ-ერთი გამორჩეული კუმირი ტომ დუანია. რაც შეეხებათ ანტიგმირებს, კარელის განმარტებით აქ საქმე ბევრად რთულადაა: მას ერთდროულად აღიზიანებს და მოსწონს დაგ პოლკი, თავისი პროვოკაციული თემებითა და საუბრის სპეციფიური მანერის გამო.
რაც შეეხება პოკერის კულუარებში, უკანასკნელ პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც კრის ფერგიუსონის მიერ WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულის მოგებას ეხება, კარელმა WSOP მეინ ივენთის ყოფილ ჩემპიონს სრული თანადგომა გამოუცხადა. კარელი განმარტავს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან და წონიან წყაროზე დაყრდნობით, Full Tilt Poker-ის შავ-ბნელ საქმეებში კრის ფერგიუსონის ჩაურევლობაში ის სრულიად დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ მოთამაშეები და გულშემატკივრები ფერგიუსონს შეუსაბამო სიმკაცრითა და სისასტიკით ექცევიან.