პოკერის მოთამაშე გადაუხდელი ვალის გამო სცემეს
რამდენიმე დღის წინ, "2+2 ფორუმზე" ვიდეო გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, პოკერის ცნობილ მოთამაშეს, სალომონ პონტეს ცემის კადრებია გადაღებული. დაპირისპირება გადაუხდელი ვალის ნიადაგზე მოხდა.
კადრები მიმდინარე წლის ივნისით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის მიერ მათი გავრცელება სწორედ ახლა მოხდა. კადრების გავრცელების მიზეზი ის გახდა, რომ პოლიცია ვიდეოში ნაჩვენებ მამაკაცს ვერ პოულობს და დახმარებას მოქალაქეებისგან ელოდება.
HighStakesDB-ის რეპორტიორების აზრით, ვიდეოში ნაჩვენები მოთამაშე სალომონ პონტეა. ამ ფაქტის სრულად დადასტურება შეუძლებელია, რადგან ეჭვმიტანილის გარდა, სხვა პირების სახეები სრულადაა დაფარული. ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ თავად პონტემ, ივნისში, მსგავსი ფაქტის შესახებ გარკვეული მინიშნებები გააკეთა. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელზე რამდენიმე საათი უკეთია, როგორც ეს სალომონ პონტეს ახასიათებდა.
როგორც "2+2 ფორუმზე" ყვებიან, პონტეს ხშირად ახასიათებდა მოთამაშეებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ აგრესია, უხეში მიმართვები და ცინიკური დამოკიდებულება. ფორუმის წევრების ნაწილი მისი ცემის ფაქტს ირონიულად შეხვდა.