PokerStars Prague Main Event-ის გამარჯვებული ფრანგი კალიდუ სოუ გახდა
პრაღაში, PokerStars-ის მთავარი ევროპული ღონისძიება ფრანგი კალიდუ სოუს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €675.000 ევრო მოიგო.
ფრანგმა მოთამაშემ, გადამწყვეტ ჰედს-აპში, ჯეისონ ვილერი დაამარცხა. ორივე მათგანი ფინალურ მაგიდაზე თითქმის თანაბარი სტეკებით მოხვდნენ. 6 მოთამაშეს შორის, ფრანგისა და ამერიკელის თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, სოუ ანდერდოგი აღმოჩნდა, მაგრამ ტურნირის ბედის შემობრუნება მაინც შეძლო.
უშუალოდ ჰედს-აპის დაწყებამდე, ვილერსა და სოუს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელი დარიგდა, რომელთა განმავლობაშიც, ამერიკელმა 3 მილიონამდე ჩიპის მისაკუთრება შეძლო. თუმცა, მალევე, ვილერმა ადგილობრივი პროფესიონალი მოთამაშის, მიჰალ მრაკესის სასარგებლოდ დიდი დარიგება წააგო, რამაც მცირე დროით, ჩეხს ჩიპლიდერის სტატუსი მიანიჭა. მრაკესმა ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო და თამაშს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა.
ჰედს-აპის დაწყებამდე, მოთამაშეებმა საპრიზო ფონდის გადანაწილებაზე მოილაპარაკეს. მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლის დასაწყისისთვის, ფრანგი ანდერდოგის რანგში აღმოჩნდა, მან საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზება მიიღო: თანხა თანაბრად განაწილდებოდა, ხოლო პირველ ადგილზე გასულს დამატებით €105.000 ევრო შეხვდებოდა. საბოლოოდ, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და კალიდუ სოუ ტურნირის ჩემპიონი გახდა: ვილერმა დარჩენილი სტეკი A9-ის იმედად მაგიდის ცენტრში მოაქცია, რაზეც სოუმ TT-ით უპასუხა და პრეფლოპ უპირატესობის შენარჩუნება რივერამდე შეძლო. ჯეისონ ვილერს, მეორე ადგილისთვის, €570.000 ევრო ერგო.