კარი კატზი PCA $100.000 ჰაი როლერს იგებს
2018 წლის PCA $100.000 Super High Roller ბიზნესმენმა და მოყვარულმა მოთამაშემ, კარი კატზმა მოიგო. ფინალური დღის დასაწყისში, ის საკმაოდ მძიმე პოზიციაში აღმოჩნდა - ძლიერი მოთამაშეებით გარშემორტყმული, შორტ სტეკის სტატუსით მყოფ კატზს ხანგრძლივი სატურნირო სიცოცხლე არ ეწერა, მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა.
მოყვარული მოთამაშის სტატუსითვის, კარი კატზს საკმაოდ შთამბეჭდავი, შეიძლება ითქვას - ზედმეტად შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს: ლაივ ტურნირებიდან მიღებული $13.7 მილიონი დოლარი მას ბევრ პროფესიონალ მოთამაშეზე წინ აყენებს. მან, გასულ წელს, WSOP-ის რამდენიმე ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა, მათ შორის $1.500 დოლარიან ივენთზე, რომელზეც 1.600 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული.
ფინალური მაგიდის სირთულის აღსაწერად მისი ლაინ-აფი სრულიად საკმარისი იქნება: ივან ლუკა, ჯასტინ ბონომო, დენიელ ნეგრანუ, ბრინ კენი, აიზიკ ჰექსტონი და სემ გრინვუდი - მოყვარულისთვის მართლაც ძალიან მძიმე გარემო.
ჰედს-აპ დაპირისპირება კარი კატზსა და ჯასტინ ბონომოს შორის გაიმართა. პირველი რამდენიმე დარიგების განმავლობაში, კატზმა მნიშვნელოვანი ჩიპლიდის მოპოვება შეძლო. საბოლოოდ, კატზს $1.492.340, ხოლო ბონომოს - $1.077.800 დოლარი შეხვდა.