ჯასტინ ბონომო Super High Roller China-ს იგებს; პატრიკ ანტონიუსი მეორე ადგილზეა
ჩინეთში გამართული პირველი სუპერ ჰაი როლერ ივენთი ჯასტინ ბონომოს გამარჯვებით დასრულდა. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტი კი, რაც პოკერის გულშემატკივრებს განსაკუთრებით ახარებთ, პატრიკ ანტონიუსის დაბრუნება და მე-2 ადგილზე გასვლაა.
ღონისძიებაზე, რომლის საფასურიც $270.000 დოლარი იყო, 75 მოთამაშე დარეგისტრირდა. პატრიკ ანტონიუსის მონაწილეობის შესახებ რეგისტრაციის დაწყებამდე გახდა ცნობილი. მის ტრიუმფალურ დაბრუნებას ბევრი ელოდა და მართლაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანტონიუსმა მართლაც შეძლო ჩიპლიდის მოპოვება. მიუხედავად ამისა, თამაშის უმეტეს ნაწილს ჯასტინ ბონომო ლიდერობდა.
ტურნირზე პოკერის ვარსკვლავური შემადგენლობა იყო წარმოდგენილი: ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეების ნახვა იყო შესაძლებელი, როგორებიც რაინერ კემპე, დომინიკ ნიცშე, ბრინ კენი, სტივენ ჩედვიკი, აიზიკ ჰექსტონი, ჯეისონ კუნი და დევიდ პიტერსი არიან.
სამწუხაროდ, გულშემატკივრებს ტურნირზე პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნების შესაძლებლობა არ ჰქონიათ. როგორც ჩინური ტელევიზიის მიერ გადმოცემული ფინალური დარიგების კადრებიდან ირკვევა, ჯასტინ ბონომომ ანტონიუსს 75-ით შეუტია და JT8 ფლოპი მიიღო. KT-ით ანტონიუსს მეორე წყვილი და ბექდორ სთრეითის შანსები ეძლეოდა. ფლოპი ორივე მოთამაშემ ბრძოლის გარეშე გაიარა. თერნზე დადებულის 9-ის შემდეგ, ანტონიუსმა ბონომოს რეიზი ქოლით მიიღო. რივერზე კი ფინელისთვის ყველაზე ცუდი კარტი - Q დაიდო, რამაც მისი სთრეითი დაასრულა, ხოლო ბონომოს კვლავ მომგებიანი ხელი დაუტოვა. ანტონიუსის რეიზის შემდეგ, ბონომომ მთელი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია, რაზეც მეტოქისგან ქოლთან ერთად, საბოლოო გამარჯვებაც მიიღო.
პირველი ადგილისთვის ჯასტინ ბონომოს $4.820.299, ხოლო პატრიკ ანტონიუსს - $3.151.734 დოლარი შეხვდათ. ანტონიუსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მე-2 ადგილის მიუხედავად, შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.