კრის ფერგიუსონი პოკერის მოთამაშეებს ბოდიშს უხდის

პოკერის მოყვარულების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, პოკერის ანტი-გმირად წოდებულმა კრის ფერგიუსონმა, როგორც იქნა, ბოდიში მოიხადა. Full Tilt Poker-ის სახე და აქციების ერთ-ერთი მსხვილი მფლობელი ე.წ. Black Friday-ის შემდეგ პოკერის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საძულველ ადამიანად იქცა. 

ჰოვარდ ლედერერთან ერთად, სწორედ ფერგიუსონს ბრალდება Full Tilt-ის გაკოტრებულ კომპანიად გამოცხადება და პოკერ-რუმის მომხმარებლების ფულის დიდი ნაწილის მითვისება. მოთამაშეთა კუთვნილმა თანხამ, რომელიც პოკერ-რუმის ანგარიშებზე ინახებოდა, $440.000.000 დოლარი შეადგინა და ის მთლიანად ჰოვარდ ლედერერის, კრის ფერგიუსონისა და რეი ბიტარის ბალანსზე აღმოჩნდა.

როგორც ვიდეო მიმართვაში ფერგიუსონი ამბობს, ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ Black Friday-ის აღკვეთა დროულად ვერ შეძლო: "მე დაუღალავად ვშრომობდი, რომ პოკერის მოთამაშეთა დანაკარგი სრულად ყოფილიყო ანაზღაურებული და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ამ ყველაფერს ამდენი დრო დასჭირდა. ვხვდები, რომ ბოდიშის მოსახდელად დიდი დრო დამჭირდა, რის გამოც ჩემს გულშემატკივრებს, პოკერის მოთამაშეებსა და მთლიანად ინდუსტრიას დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის. მოვა დრო, როდესაც Full Tilt Poker-ის ისტორიას ხმამაღლა მოყვებიან  და ყველაფერი ცნობილი გახდება."

მოთამაშეთა მხრიდან ფერგიუსონის ბოდიშს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ფილ ჰელმუტის აზრით, სიმართლე ფერგიუსონის მხარესაა, რასაც მისი ბოდიშიც ადასტურებს. დოილ ბრანსონმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ კრისი კარგი ადამიანია და ის შემთხვევით აღმოჩნდა მსგავს გაუგებრობაში. სულ სხვა აზრი აქვს დენიელ ნეგრანუს, რომელმაც ფერგიუსონის ბოდიში ტერორისტების ტყვეობაში მყოფი მძევლის მიერ წაკითხულ წერილს შეადარა. "ფერგიუსონის სიტყვა ძალიან მოკლე და ძალიან დაგვიანებული იყო. შვიდი წლის შემდეგ, 42 წამიანი ვიდეო მართლაც საუკეთესო გამოსავალია!" - ირონიით გამსჭვალულ პოსტს აქვეყნებს კანადელი მოთამაშე. 

კრის ფერგიუსონმა 2000 წელს WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო. 2008 წელს კი NBC National Heads-Up Poker Championship-ის გამარჯვებული გახდა. გასული წლის ზაფხულში, ფერგიუსონი WSOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რამაც მის გარშემო არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. 

კრის ფერგიუსონის ვიდეო მიმართვის ნახვა ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური