სათამაშო მაგიდის მეორე მხარე - დილერები ლას ვეგასში

მაშინ, როდესაც პოკერსა და აზარტულ სამაგიდო თამაშებს ყველა საკუთარი პოზიციიდან უყურებს, თამაშის მნიშვნელოვანი კომპონენტი ყურადღების მიღმა რჩება - რა ხდება მაგიდის მეორე მხარეს? სანამ ჩვენ ფსონებს ვაკეთებთ, დარიგების გაანალიზებას ვცდილობთ და სხვების რეაქციებს ვაკვირდებით, ერთი ადამიანი - არა ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენს მოქმედებას განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს. 

ხშირად გვავიწყდება, რომ დილერი, ვინც თვალი უნდა მიადევნოს მაგიდაზე მყოფი მოთამაშეების ხელის უმნიშვნელო მოძრაობას, სიტყვებს, ფსონების ოდენობას, მოქმედების თანმიმდევრობას და სხვა წვრილმან დეტალებს, ჩვენ მსგავსად განიცდის თამაშის მსვლელობას და, სავარაუდოდ, არანაკლებ უყვარს პოკერი, ვიდრე კაზინოში გასართობად მისულ ადამიანებს. 

გარდა იმისა, რომ დილერებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ პოკერის წესები, თავად კაზინოსა და ტურნირის წესები, მათ მოთამაშეების ხასიათებთან გამკლავებაც ევალებათ. უამრავი ცნობილი მოთამაშის კარიერა სწორედ მაგიდის მეორე მხარეს დაიწყო. მაიკ მატუსოუ, სკოტი უინი, ლეინ ფლეკი - დილერები, რომლებმაც პოზიციის შეცვლა გადაწყვიტეს და საკმაოდ წარმატებულადაც. 

ლას ვეგასში არამხოლოდ მოთამაშეები, არამედ დილერებიც საკმაოდ ფართო ნაციონალური სპექტრით არიან წარმოდგენილნი.  გემბლერებისგან განსხვავებით, ამ ადამიანებს ინტენსიური ტრეინინგის გავლა და ურთულესი შესარჩევი ეტაპის გადალახვა უწევთ. როდესაც დილერი WSOP-ის კომისიასთან კარტის დასარიგებლად დაჯდება, მას არამხოლოდ ტეხასური ჰოლდემის, არამედ პოკერის კიდევ 19 სახეობის ცოდნა ევალება. გამოსაცდელი თამაშის დროს დილერს რამდენიმე შეკითხვითაც მიმართავენ. თუ დილერი WSOP-ის ერთ სეზონს ხარვეზების გარეშე, წარმატებით ჩაატარებს, მას შემდეგ წელსაც მიიწვევენ აზარტული თამაშების დედაქალაქში. 

ლენდ მაკგი 34 წლის განმავლობაში სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. 71 წლის ასაკში მან სამსახურის გამოცვლა გადაწყვიტა და WSOP-ის მაგიდასთან აღმოჩნდა - არა მოთმაშის, არამედ სწორედ დილერის რანგში. "მე პენსიაზე გასვლა გადავწყვიტე და ისეთ ქალაქში მომინდა ცხოვრება, სადაც არც მოყინულ გზებთან მომიწევდა გამკლავება და არც უცნაურ მწერებთან. პოკერის თამაში ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ფიქსირებული შემოსავლის პირობებში მაგიდასთან ყოფნის უფლებაც არც ისე ხშირად ვაძლევდი თავს. ახალი პროფესია შესაძლებლობას მაძლევს WSOP-ის ნაწილი ვიყო."

 

რუმები

ქართული უცხოური