ფილ გალფონდი დაბრუნდა - ლეგენდარულმა მოთამაშემ WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო
WSOP-ის დაწყებამდე ფილ გალფონდის დაბრუნებაზე ბევრი საუბრობდა, მაგრამ სკეპტიკოსები იმაზეც აკეთებდნენ აქცენტს, რომ მოთამაშე ქეშ-გეიმებში იყო ჩართული, პოკერ-რუმის გახსნას ცდილობდა და, რაც მთავარია, მეუღლესთან ერთად შვილის დაბადებას ელოდა. მართლაც, ფილ გალფონდს საქმე თავზე საყრელად აქვს, მაგრამ ამ ფაქტს WSOP-ის მე-3 სამაჯურის მოგებაში ხელი არ შეუშლია.
გალფონდმა WSOP-ის მე-60 ტურნირი მოიგო - $10.000 დოლარიანი პოტ ლიმიტ ომაჰას ჰაი ლოუ ჩემპიონატი, რომლის პირველი ადგილისთვისაც მან $567.788 დოლარი მიიღო. მან 237 მოთამაშით დაკომპლექტებული ფილდი დაამარცხა. "არაფერი აღემატება პირველი სამაჯურის მოგების სიხარულს, - თქვა გალფონდმა, - მაგრამ არც ესაა ცუდი შეგრძნება. საჭირო მომენტებში ხშირად მიმართლებდა, ეს იყო და ეს."
გალფონდის განმარტებით, მისი გამარჯვება მოულოდნელი იყო. მსგავსი რეაქცია იმით იყო გამოწვეული, რომ პოტ ლიმიტ ომაჰა ჰაი ლოუ მის საუკეთესო თამაშად არ ითვლება. HighStakesDB-ის მონაცემებით, ულიმიტო ჰოლდემისა და პოტ ლიმიტ ომაჰას ონლაინ ქეშ-გეიმ სესიებზე გალფონდს $8.000.000 დოლარზე მეტი აქვს მოგებული. როგორც თავად ამბობს, ინტერნეტში მას ომაჰა ჰაი ლოუს ერთი დარიგებაც კი არასდროს უთამაშია.
მიმდინარე ზაფხულს, ლას ვეგასის პრივატულ პოკერ-რუმებში დაწყებულ თამაშებს თუ არ ჩავთვლით, ფილ გალფონდს მთელი წლის განმავლობაში კარტთან შეხებაც კი არ ჰქონია - ის მთლიანად ახალ ბიზნესზე იყო გადართული. "პოკერ-რუმის გახსნას მართლაც დიდ ყურადღებას ვუთმობ, მაგრამ პოკერი ძალიან მომენატრა."
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოკერ-რუმის სტარტის შემდეგ, გალფონდი კარტებზე გადაერთვება - ცდება: "თითქოს, ყველა სამუშაო უკვე დავასრულეთ და მალე თავისუფალიც უნდა ვიყო, მაგრამ მგონი, ახალი პლატფორმის გახსნის შემდეგ გაცილებით მეტი საქმე გამოჩნდება. ვეცდები, რაც შეიძლება მეტი პოკერი ვითამაშო, მაგრამ Run It Once ყოველთვის პირველი პრიორიტეტი იქნება."