რამდენი მოიგო სინამდვილეში WSOP Main Event-ის გამარჯვებულმა, ჯონ სინმა?
რამდენიმე თვის წინ, დაგ პოლკმა ვიდეო ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც ჰაი როლერი მოთამაშეების ანაზღაურებაზე ისაუბრა. პოლკის განმარტებით, გულშემატკივრებს არასწორი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რამდენს იგებენ პროფესიონალი მოთამაშეები. "თუ ვინმემ $15.000.000 მოიგო, არ ნიშნავს, რომ ის ამ თანხას ფლობს, - განმარტავს პოლკი, - პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ წარუმატებელ ტურნირებზე გადახდილი ბაი-ინები, რომლებმაც (ჰაი როლერ ივენთების შემთხვევაში) $5 მილიონ დოლარს შეიძლება გადააჭარბონ. ამის შემდეგ, მოგებულ თანხას უნდა გამოაკლდეს გადასახადები, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიდეთ მეტ-ნაკლებად რეალურ ანაზღაურებამდე."
ამ სტატიაში, სწორედ გადასახადებზე იქნება საუბარი. მართლაც, პოლკის განმარტების მსგავსად, თუ მოთამაშე ტურნირზე რამდენიმე მილიონს იგებს, ის სრული თანხის განმკარგველის როლში ვერ გვევლინება - გადასახადების ამკრეფი ტურნირის გამარჯვებულის პირველი 'მტერია' და, შეიძლება ითქვას, WSOP-ის რეალური გამარჯვებული სწორედ ისაა.
2018 წლის WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე 6 ამერიკელი თამაშობდა. ისინი შტატების შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს გადაიხდიან. ალექს ლინსკი, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა, ავსტრალიელია; არტიომ მეტალიდი - უკრაინელი; ხოლო ანტუან ლაბა - ფრანგი. მათ თავიანთი ქვეყნების მიერ დადგენილი მოგების გადასახადი დაეკისრებათ.
ხშირ შემთხვევაში, ადგილების მიხედვით მოგებული თანხები ერთი შეხედვით პარადოქსულად ნაწილდება. მაგალითად, მე-8 ადგილოსანმა უკრაინელმა მეტალიდიმ, მოგებული $1.250.000 დოლარიდან გადასახადების ჩამოჭრის შემდეგ, $1.006.250 დოლარი მიიღო, მაშინ როდესაც მე-7 ადგილზე გასულ ლინსკის $1.500.000 დოლარიდან მხოლოდ $833.704 დოლარი დარჩა.
WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულთა ანაზღაურება და ტაქსების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხები შემდეგნაირად გამოიყურებიან:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | მოგება | რეალური ანაზღაურება |
1 | ჯონ სინი | აშშ | $8.800.000 | $4.939.817 |
2 | ტონი მაილსი | აშშ | $5.000.000 | $3.060.659 |
3 | მაიკლ დაიერი | აშშ | $3.750.000 | $2.300.725 |
4 | ნიკოლას მენიონი | აშშ | $2.825.000 | $1.607.677 |
5 | ჯო კადა | აშშ | $2.150.000 | $1.277.365 |
6 | არამ ზობიანი | აშშ | $1.800.000 | $1.078.179 |
7 | ალექს ლინსკი | ავსტრალია | $1.500.000 | $833.704 |
8 | არტიომ მეტალიდი | უკრაინა | $1.250.000 | $1.006.250 |
9 | ანტუან ლაბა | საფრანგეთი | $1.000.000 | $567.426 |