ფილ გალფონდის პოკერ-რუმში მაგიდების რაოდენობაზე შეზღუდვა დაწესდება

უკვე რამდენიმე წელია, რაც ფილ გალფონდი და Run It Once-ის გუნდი ახალ სათამაშო პლატფორმაზე მუშაობენ. სოფტის ამუშავება თითქმის ყოველ სეზონზე ანონსდება, მაგრამ ჯერჯერობით, გალფონდისა და ზოგადად პოკერის გულშემატკივრები ხელშესახებს ვერაფერს ხედავენ. ამჯერად, საქმე პოკერ-რუმის ზოგად პოლიტიკას ეხება.

როგორც უკვე ცნობილია, ახალ პოკერ-რუმში ე.წ. HUD-ებისა და ანალიტიკური პროგრამების გამოყენება აკრძალული იქნება. მოთამაშეს კონკრეტული ადგილის არჩევის საშუალება არ მიეცემა - ლიმიტისა და თამაშის სახეობის არჩევის შემდეგ, მოთამაშეები შემთხვევით არჩეულ მაგიდაზე განაწილდებიან. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ანონიმური მაგიდებით ისარგებლონ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამჟამად საიტის მესვეურები კამათობენ და რის შესახებაც მათ პოკერის გულშემატკივრების ფართო აუდიტორიის აზრი აინტერესებთ, დასაშვები სათამაშო მაგიდების რაოდენობაა. კითხვა არ ეხება იმას, უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვა მაგიდების რაოდენობაზე - ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამჟამად, განიხილავენ 4 და 6 მაგიდის ვერსიებს. მსგავს შეზღუდვას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგალითად, PokerStars-მა თავს უფლება მისცა და იტალიელი მომხმარებლებისთვის დასაშვები სათამაშო მაგიდების რაოდენობა 6-მდე შეამცირა. სავარაუდოდ, იტალიური გამოცდილების შემდეგ, 'სტარსი' მსგავს პოლიტიკას გლობალურად განახორციელებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ მაგიდების რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტი საკომისიოს შეგვიმცირებს, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი პოლიტიკა საიტისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც გაცილებით მომგებიანი იქნება" - ამბობს Run It Once-ის დამაარსებელი. 

რუმები

ქართული უცხოური