სკოტ სივერის 32 საათიანი სესია
სკოტ სივერს შესანიშნავი ზაფხული გამოუვიდა: 33 წლის პროფესიონალმა მოთამაშემ WSOP-ის მე-2 ოქროს სამაჯური მოიგო, $296.222 დოლარიანი ანაზღაურებით, ხოლო ფულში შესვლა კიდევ 3-ჯერ მოახერხა. მიღწეულ შედეგზე სივერი არ გაჩერდა და 'ბელაჯიოში' გადაინაცვლა, Bobby's Room-ის პრივატული ქეშ-გეიმის სათამაშოდ.
როგორც 'ტვიტერზე' გამოქვეყნებული პოსტით ხდება ცნობილი, სივერმა 32 საათი გადაბმულად ითამაშა. მრავალსაათიანი სესიები ქეშ-გეიმ გრაინდერებისთვის უცნობი მოვლენა ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად მომგებიან და რაციონალურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 32 საათი შეუჩერებელი თამაში, ეს სხვა საკითხია. პოკერის მიმომხილველი და ვეტერანი ონლაინ გრაინდერი, ჯო ინგრამი სკოტ სივერის პოსტს ასე გამოეხმაურა: "მაგიდასთან ჯდომა და უძილობა ნამდვილად GTO გადაწყვეტილებაა!"
GTO - Game Theory Optimal თამაშისადმი ოპტიმალურ მიდგომას გულისხმობს, რომლის დროსაც მაქსიმალურად რაციონალური, მათემატიკურად გამართლებული გადაწყვეტილებები მიიღება. მართლაც, რამდენადაც Bobby's Room-ში მომხდარი ამბები მკაცრად გასაიდუმლოებულია, არავინ იცის, რა შედეგი აჩვენა სკოტ სივერმა იმ 32 საათში. ინგრამის ირონია სრულიად გასაგებია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ერთმა მოთამაშემ უკვე დაამტკიცა, რომ მსგავსი 'ფხიზელი' სესიების დროს ფულის მოგება კვლავ იყო შესაძლებელი.
2010 წელს, ლეგენდარულმა ქეშ-გეიმერმა - ფილ ლააკმა 115 საათიანი სესია ითამაშა და მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი მოხსნა, რომლის გაუმჯობესებაც, პრაქტიკურადლ, შეუძლებელია. ლააკმა $10/$20 ულიმიტო ჰოლდემი ითამაშა და $4.000 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. როგორც მაშინ დოილ ბრანსონი ყვებოდა, მსგავსი შემთხვევები მის ახალგაზრდობაშიც მომხდარა, მაგრამ მოთამაშეები სიფხიზლისთვის კოფეინს და სხვა უამრავ საშუალებას იყენებდნენ. ფილ ლააკმა კი ყველაფერი 'სუფთად', ყოველგვარი სინთეტიკური საშუალებების გარეშე მოახერხა.