PokerStars-ის ადმინისტრაციის შეცდომამ მოთამაშეების უკმაყოფილება გამოიწვია
კვირას, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ პოკერ-რუმს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. როგორც წესი, ყოველ კვირა დღეს, PokerStars-ზე უამრავი ტურნირი იმართება, რომელშიც ასიათასობით მოთამაშე ღებულობს მონაწილეობას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტურნირის დროს, რამდენიმე ქვეყნის მომხმარებელს საიტზე წვდომა შეუწყდა. სამაგიეროდ, თამაშში იმ ქვეყნების წარმომადგენლები დარჩნენ, რომელთა IP მისამართებზე წვდომა არ შეზღუდულა. შედეგად, 'სით აუთში' მყოფი მოთამაშეებისთვის ბლაინდების აქტიური წართმევის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპელებმა მოწინავე საპრიზო ადგილები და დიდი ანაზღაურება მიიღეს.
სავარაუდოდ, 'სტარსზე' შექმნილი პრობლემები სისტემაში არსებული შეცდომის, ან თავად კომპანიის ტექნიკური ჯგუფის არაკომპეტენტურობის ბრალი იყო. "ტექნიკური ხარვეზების გამო ბოდიშს გიხდით, - ეკრანზე ადმინისტრაციის გზავნილი გამოჩნდა, - შექმნილ პრობლემებზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მომსახურება დროის უახლოეს მონაკვეთში აღდგება."
იმის ნაცვლად, რომ შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ტურნირი დაეპაუზებინათ, თამაში ჩვეულ რითმში გაგრძელდა, რითიც მაგიდებთან აქტიურად დარჩენილმა მოთამაშეებმა ისარგებლეს და ჩიპქაუნთით გათვალისწინებული საპრიზო ფული გაინაწილეს.
მომხდარმა მოთამაშეების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც PokerStars-ის 'ტვიტერის' გვერდზე აგრესიულ პოსტებში აისახა. 'ტვიტერის' გარდა, პროტესტის ტალღა "2+2"-ზეც აგორდა.
"რუმინეთის, ბულგარეთისა და ბელგიის გარდა, სერვერები ყველასთვის გაითიშა, - წერს ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი, - PokerStars-ს ერთი საათი დასჭირდა, რათა ტურნირი დაეპაუზებინა. ანაზღაურება კი ბლაინდების ერთსაათიანი პარვის შემდეგ გასცა, ნაცვლად იმისა, რომ სტეკების მდგომარეობა იმ მომენტისთვის დაებრუნებინათ, როდესაც მოთამაშეებს სერვერები გაეთიშათ."
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა 'სტარსის' მსგავს ჩავარდნას მასიური საპროტესტო ტალღა და ბოიკოტები. რამდენიმე წლის წინ, მოთამაშეებმა, მათ შორის - 'სტარსის' ჰაი სტეიკს გრაინდერებმა და რეგულარებმა, რამდენიმედღიანი ბოიკოტი მოაწყვეს, რომლითაც პოკერ-რუმის მიერ გაზრდილი საკომისიო გააპროტესტეს. სამწუხაროდ, პროტესტს შედეგი არ გამოუღია. პოკერ-რუმის სახის - დენიელ ნეგრანუს მტკიცებით, ყველაფერი - მათ შორის გაზრდილი საკომისიო, მოთამაშეების კეთილდღეობას და პოკერის ეკო-სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება.