$50.000 Seminole Hard Rock High Roller-ზე ელიო ფოქსი $500.000 დოლარს იგებს
2018 წლის ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ, ყოველგვარი დავის გარეშე, ჯასტინ ბონომო უნდა ჩავთვალოთ. მაგრამ წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე, რომელმაც Seminole Hard Rock Poker Open-ის ფარგლებში გამართულ $50.000 დოლარიან ჰაი როლერის ურთულეს ლაინ-აფზე მოახერხა პირველი ადგილის მოპოვება, ელიო ფოქსია.
ამერიკელმა მოთამაშემ 10 აგვისტოს გამართულ ტურნირზე ნახევარი მილიონი დოლარი მოიგო. ეს მისი მე-8 ექვსციფრიანი ანაზღაურებაა. $25.000 დოლარზე ძვირადღირებულ ტურნირებში, მან 5-ჯერ მოახერხა ფინალური ჰედს-აპის თამაში. მიმდინარე წლის WSOP-ის ფარგლებში გამართული $100.000 დოლარიანი ჰაი როლერის მე-2 ადგილისთვის, მან ოფიციალურად $1.8 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ნიკ პეტრანგელოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, მან გაცილებით დიდი თანხა მიიღო.
საერთო ჯამში, ფოქსის წლევანდელი შემოსავალი $4 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
ფოქსის მიერ მოგებული უკანასკნელი ტურნირის ჰედს-აპში ის ლეგენდარულ ქეშ-გეიმერს - დენ შაკს დაუპირისპირდა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $305.000 დოლარი მიიღო. HighStakesDB-ის ინფორმაციით, ფოქსმა ტურნირის პირველი დღის შემდეგ მასიური - 141 ბიგ ბლაინდიანი ჩიპლიდი მოიპოვა და მას შემდეგ უკანმოუხედავად მივიდა პირველ ადგილამდე.