ანდრაშ ნემეტი €25.000 EPT Barcelona High Roller-ის გამარჯვებული გახდა
12 საათიანი აქტიური თამაშის შემდეგ, PokerStars EPT Barcelona €25.000 Single Day High Roller-ის გამარჯვებული ანდრაშ ნემეტი გახდა. უნგრელმა მოთამაშემ პირველობის მოპოვება ტურნირის 95 მონაწილეს შორის შეძლო და დღე €605.600 ევროიანი პლუსით დაასრულა.
სოლიდური ანაზღაურების გარდა, ნემეტის მეხსიერებაში მოგებული ტურნირი ფინალური დარიგების გამოც სამუდამოდ დარჩება.
სანამ ფინალურ მაგიდაზე მატიას აიბინგერი დომინირებდა, ნემეტი იძულებული იყო, სხვა მოთამაშეების მსგავსად, მაქსიმალურად მშვიდი და მძიმე პოკერი ეთამაშა. ავსტრიელის ჩამოქვეითების შემდეგ, როდესაც უნგრელმა ჩიპლიდის მოპოვება შეძლო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - მან ბოლომდე გამოიყენა თავისი სტეკი და აგრესიული პოკერი აჩვენა.
ცნობილი მოთამაშეებიდან, ფინალურ მაგიდას ისეთმა სახელებმა მიაღწიეს, როგორებიც შონ ვინთერი, ვლადიმირ ტროიანოვსკი, ჟან-ნოელ ტორელი და ბაირონ კავერმანი არიან. სტივენ ჩედვიკმა, დენიელ ნეგრანუმ, ლუკ და სემ გრინვუდებმა, ნიკ პეტრანგელომ, პატრიკ ანტონიუსმა და მიკიტა ბადიაკოვსკიმ ფულში შესვლა ვერ მოახერხეს. ასეთი სახელების შემდეგ ტურნირის ლაინ-აფი და სირთულე აშკარა ხდება.
ფინალურ ჰედს-აპში ანდრაშ ნემეტმა და მისმა მალაიზიელმა მეტოქემ - ვაი ლონგ ჩენმა რამდენჯერმე გაცვალეს ჩიპლიდი. თუმცა, მათი სტეკები მეტ-ნაკლებად თანაბარი რჩებოდა. უკანასკნელი დარიგების დროს, უნგრელმა A2 ლიმპით ითამაშა, ხოლო მოწინააღმდეგის რეიზს ოლ ინით უპასუხა. ჩენმა AA გადმოატრიალა, რაც ნემეტის კარტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. წაგების შემთხვევაში, მის სტეკში მხოლოდ 3 ბიგ ბლაინდი იქნებოდა. ფლოპზე 454 დაიდო, რაც უნგრელს მცირე იმედს უტოვებდა. 454Q-ის შემდეგ, სიტუაცია უფრო დამძიმდა, მაგრამ რივერზე დადებული 454Q3 ყველაფერს პრეფლოპ ანდერდოგის სასარგებლოდ წყვეტდა. საბოლოოდ ანდრაშ ნემეტმა - €605.600 ევრო, ხოლო ვაი ლონგ ჩენმა - €420.800 ევრო მიიღეს.