ბრენდონ ადამსის $400.000 დოლარიანი გამარჯვება Poker Masters-ის $25.000-იან ტურნირზე
PokerGo Studio-ში გამართული $25.000 დოლარიანი ტურნირი შთამბეჭდავი ლაინ-აფით იყო გამორჩეული. როცა ვნებათაღელვა ჩაცხრა, 50 მოთამაშეს შორის გამართული ბრძოლიდან გამარჯვებული ბრენდონ ადამსი გამოვიდა - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, რომელმაც ბანკროლი $400.000 დოლარით შეივსო.
ტურნირის, განსაკუთრებით - ფინალური დღის დინამიკა არნახული აქტიურობით შეიძლება დახასიათდეს. ასეთი აქტიურობის მიზეზი სწორედ ჰარვარდის პროფესორი იყო, რომელმაც ყოველგვარი უკანდახევისა და ყოყმანის გარეშე, მძიმე წნეხში მოაქცია მოწინააღმდეგეები. რაც მთავარია, ადამსმა პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - Purple Jacket-ისთვის ბრძოლაში დაწინაურება მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ მაგიდის ჩიპლიდერი ჯარედ ჯეფი იყო, რომელიც ადამსის ორ წყვილს მუდამ სეტით ხვდებოდა, პროფესორმა მაინც შეძლო მასთან დიდი დარიგების მოგება და მნიშვნელოვანი ჩიპლიდის მოპოვება. რა თქმა უნდა, ადამსმა გაზრდილი სტეკი მაგიდაზე დარჩენილი მოთამაშეების გზიდან ჩამოსაშორებლად აქტიურად გამოიყენა. საბოლოოდ, ის კვლავ ჯარედ ჯეფის წინააღმდეგ დარჩა, რომელთან გასამარჯვებლადაც სულ რაღაც 2 დარიგება გახდა საჭირო.
თუ ფინალურ ექვსეულს გადაავლებთ თვალს, ადვილი წარმოსადგენი გახდება, რამდენად მძიმე ბრძოლა გადაიტანა ჰარვარდის ლექტორმა.
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ბრენდონ ადამსი | აშშ | $400.000 |
2 | ჯარედ ჯეფი | აშშ | $262.000 |
3 | ჯეიკ შინდლერი | აშშ | $175.000 |
4 | ბილ კლაინი | აშშ | $125.000 |
5 | ჯეისონ კუნი | აშშ | $100.000 |
6 | დენიელ ნეგრანუ | კანადა | $75.000 |