პოკერის ეთიკური მხარე: რამდენად სინდისიერად იქცევიან მოთამაშეები?
პოკერის წესები ძალიან ადვილია - ადამიანები ადვილად ითვისებენ და ბოლომდე მიჰყვებიან მათ. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმე დაუწერელ წესებს ეხება? როგორ იცვლება მოთამაშეების ქცევა, როცა საქმე არა უშუალოდ თამაშთან, არამედ თამაშში ჩართულ სხვა აქტორებთან გვაქვს? როგორია პოკერის ეთიკური მხარე?
მსგავსი კითხვებით PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი, ონლაინ გრაინდერი და პოკერის აქტიური გულშემატკივარი - პატრიკ ლეონარდი დაინტერესდა. ლეონარდმა საკუტარ 'ტვიტერზე' შემდეგი კითხვით მიმართა გამომწერებს:
- თქვენ ჰედს-აპ ტურნირს თამაშობთ. ოპონენტს ინტერნეტი გაეთიშა, ან სით აუთშია. როგორ მოიქცეოდით თქვენ?" კითხვას ორივე ვერსია ჰქონდა: 1. მეც სით აუთს გავაკეთებ; 2. ბლაინდებს მოვპარავ.
გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ სით აუთის ნაცვლად, ისინი დროს იხელთებენ და ოპონენტის ბლაინდებს მოიპარავენ, სანამ მას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. პატრიკ ლეონარდის პოსტს ლეგენდარული მაიკ მატუსოუ ასე გამოეხმაურა: "გამოკითხვის შედეგი აჩვენებს რამდენად სამარცხვინო და უთავმოყვარეო საზოგადოება გვყავს პოკერში. მცირე შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ მსგავს დროს სით აუთი არ გავაკეთო და ოპონენტის შემოსვლას არ დაველოდო."
სხვა მოთამაშეებს, ვინც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, სხვადასხვა განმარტება ჰქონდათ:
- საქმე ონლაინ პოკერს ეხება. ყველაფერი უნდა მოიპარო, რისი საშუალებაც გაქვს
- ეს თამაშის ნაწილია. თუ ვიცი, რომ რეგულარს ვეთამაშები, რომელიც მე ან სხვას დაელოდებოდა მსგავს სიტუაციაში, რა თქმა უნდა, 'სით აუთს' ავირჩევ. უცხო ოპონენტთან ბლაინდებს ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოვიპარავ
- ეს ბლაინდების მოპარვად, ან სტეკის მოპარვად არ ჩაითვლება. მე ჩემს დროს ვზოგავ. გარანტია არ მაქვს, რომ მოწინააღმდეგე თამაშს დაუბრუნდება. რატომ არ უნდა დავზოგო რამდენიმე საათი?
ონლაინ და ლაივ პოკერი უამრავი მახასიათებლით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ეთიკური მხარეა: გარდა იმისა, რომ ლაივ პოკერში უამრავი ქმედება არალეგალურად ითვლება, კაზინოში ეტიკეტი გაცილებით დიდ როლს თამაშობს, რადგან აქ ოპონენტს უშუალოდ, ფიზიკურად ვეხებით და შედეგებზეც გაცილებით სერიოზულად ვფიქრობთ. ონლაინ სივრცეში კი ყველაფერი იცვლება. ინტერნეტში, გარდა იმისა, რომ მორალური ნორმები გაცილებით დაბალ დონეზე ჩადის, მოწინააღმდეგის რეაქცია ნაკლებად გვადარდებს, რის გამოც გაცილებით ხისტ, არაეთიკურ და, ზოგჯერ, ამორალურ გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ.
პატრიკ ლეონარდმა მისი გვერდის გამომწერებს კიდევ ორი გამოკითხვა შესთავაზა:
- აღმოაჩინეთ, რომ თქვენს საყვარელ პოკერ რუმს ტექნიკური ხარვეზი აქვს და თქვენ 25%-ით მეტ რეიკ ბექს გიხდით. როგორ მოიქცეოდით?
- შევატყობინებდი მათ ამის შესახებ - 12%
- გავაგრძელებდი თამაშს - 32%
- "დააწერე", რაც შეიძლება მეტი - 56%
- თქვენ ჰედს-აპ SNG-ის თამაშობთ. მოწინააღმდეგეს ინტერნეტი გაეთიშა და სით აუთშია. აღმოაჩინეთ, რომ ის კიდევ 4 SNG ტურნირზეა დარეგისტრირებული. დაჯდებით თუ არა მის სხვა მაგიდებზე და მოპარავთ თუ არა ბლაინდებს?
- დიახ - 56%
- არა - 44%