ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმი სემ თრიქეთის ონლაინ მაგიდაზე
პოკერის ვეტერან გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ემახსოვრებათ Full Tilt Poker-ზე გამართული ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმ სესიები, სადაც ფილ აივი, ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, გას ჰენსენი და სხვა ცნობილი მოთამაშეები ერთმანეთში მილიონობით დოლარს ცვლიდნენ.
თითქოს, ის დღეები არც დასრულებულაო, სემ თრიქეთმა PartyPoker-ზე სპეციალური მაგიდა შექმნა, სადაც პერიოდულად ჯიბეგასქელებულ მოთამაშეებს იწვევენ ნამდვილი ჰაი სტეიკს პოკერის სათამაშოდ. პარასკევს ერთ-ერთი ასეთი სესია გაიმართა, სადაც პოტ-ლიმიტ ომაჰა ითამაშეს, $200/$400 ლიმიტზე. თრიქეთის გარდა, სესიაში მონაწილეობას ავსტრალიელი მეტ კირკი, ინგლისური კაზინოს მფლობელი - რობ იონგი და სხვა უცნობი, მაგრამ მდიდარი მოთამაშეები იღებდნენ.
მაგიდასთან მყოფი SwordfishAA ავსტრალიელი მეტ კირკია. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, ჭორების დონეზე ვრცელდება, რომ კრიპტო-ვალუტების ბუმის დროს, კირკმა $600 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. რაც შეეხება ერთ-ერთ ანონიმ მოთამაშეს, ნიკით MoneyMonk1: ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტსახელის უკან დოილ ბრანსონის შვილი - ტოდ ბრანსონი იმალება. რამდენად შეძლებდა პოკერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქეშ-გეიმერი ამდენი ხნის განმავლობაში ვინაობის დამალვას, ერთი საკითხია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ტოდ ბრანსონისთვის ქეშ-გეიმის ლიმიტი, რომელზეც ის თავს კომფორტულად არ იგრძნობდა. ჯენიფერ ჰერმანთან ერთად, ტოდ ბრანსონმა ოფიციალურად ყველაზე დიდ ქეშ-გეიმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ბლაინდებიც $25.000/$50.000 დოლარს შეადგენდა.
პოკერის მიმომხილველი და ვიდეო-ბლოგერი, ვეტერანი მოთამაშე, ჯო ინგრამი ქეშ-გეიმს რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა. მისი ინფორმაციით, სემ თრიქეთმა $300.000 დოლარამდე გამოიმუშავა. წინა წელს, იგივე მაგიდაზე, თრიქეთის მოგება $910.000 დოლარს შეადგენდა.