2018 წლის შეჯამება: პოკერის სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გასული 12 თვის მოვლენებს გადავხედოთ და მათი მნიშვნელობა შევაფასოთ. ამ რუბრიკაში, რომელიც ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდება, შემოგთავაზებთ პოკერის სამყაროსა და სათამაშო ინდუსტრიაში 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.
პოკერის მოთამაშეები ყველაფერზე დადებენ - ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია. მაგრამ რამდენს? 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა ჯეიკ კოდის უკავშირდება, რომელმაც $60.000 დოლარის ბედი პატარა, ვერცხლისფერ ბურთს მიანდო.
თებერვალში გამართული £2.200 ფუნტიანი UK Poker Championship-ის მოგების შემდეგ, ჯეიკ კოდიმ გადაწყვიტა, რომ პირველი ადგილისთვის მიღებული £42.000 ფუნტი სტერლინგი, რაც დაახლოებით $60.000 დოლარი იყო, პირდაპირ მის ბანკროლში არ მოხვდებოდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, კოდიმ სალაროსკენ მიმავალ გზას გადაუხვია და გეზი რულეტის მაგიდისკენ აიღო. მან ფსონი Dusk Till Dawn-ის მფლობელის, ვეტერანი გემბლერის - რობ იონგის წინააღმდეგ დადო.
"ვინც მე მიცნობს, ეცოდინება, რომ ზოგჯერ სამაგიდო თამაშებით ვინტერესდები, - ყვებოდა ჯეიკ კოდი, - ბლექჯექი და კრეპსი ჩემი საყვარელი თამაშებია. ზოგჯერ, ტოტალიზატორისკენაც მიმიწევდა გული, თუ რამე კარგი თამაში მეგულებოდა. ყოველთვის ისეთ თამაშს ვირჩევ, სადაც რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება მაინც შემიძლია და მხოლოდ ბედზე მინდობილი არ ვიქნები."
რულეტის მაგიდასთან კოდის არანაირი უპირატესობა არ ელოდა. მან მთელი თავისი მოგებული ფული, რაც $60.000 დოლარს შეადგენდა, შავ ფერზე დადო. კაზინოს თამაშრომლის ნაცვლად, კოდიმ რულეტის დატრიალება თავად რობ იონგს შესთავაზა. რამდენიმეწამიანი დაძაბულობის შემდეგ, ბურთულა შავ 22-ზე გაჩერდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჯეიკ კოდის ბანკროლს დამატებითი, გაცილებით სოლიდური შემოსავალი ელოდა.
"ეს სრული სიგიჟე იყო. ბურთი შავზე იმდენად სწრაფად და მკვეთრად გაჩერდა, რომ ვინმეს თამაში ჩაწყობილიც ეგონებოდა."
ჯეიკ კოდის რულეტის სესიას რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა. ვიდეოს ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ.