2018 წლის შეჯამება: პოკერის სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გასული 12 თვის მოვლენებს გადავხედოთ და მათი მნიშვნელობა შევაფასოთ. ამ რუბრიკაში, რომელიც ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდება, შემოგთავაზებთ პოკერის სამყაროსა და სათამაშო ინდუსტრიაში 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.
სხვა მოვლენებთან ერთად, 2018 წელი იმითაც გამოირჩეოდა, რომ პროფესიონალი მოთამაშეები მასიურად ტოვებდნენ სათამაშო კარიერას. ყველაფერი 2017 წელს, ფედორ ჰოლცის ხმაურიანი წასვლით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე პოკერიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებები, როგორც წესი, არ კეთდებოდა. 2018-ში კი ყველაფერი შეიცვალა.
ახალი წლის დადგომიდან სულ რამდენიმე დღეში, განცხადება ვანესა სელბსტმა გააკეთა: "უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, პოკერმა უამრავი რამ მომცა. ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, რომელმაც კარგი შემოსავალიც მომიტანა. პოკერმა საშუალება მომცა მემოგზაურა ისეთ ადგილებში, რომლებზეც ვერც ვიოცნებებდი და გამეცნო საოცრად წარმატებული ადამიანები."
WOSP-ის 3 ოქროს სამაჯურის მფლობელის სატურნირო ანგარიშზე $11.8 მილიონი დოლარი იყო. ვანესა სელბსტი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ ითვლებოდა, როდესაც დიდი პოკერიდან გამოთიშვის შესახებ განცხადება გააკეთა: "მინდა, პოკერს ისე მივუდგე, როგორც ჰობის და გასართობს. თანამედროვე თამაში ძალიან იცვლება, რთულდება და მისი დაწევა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს."
იშვიათად თუ უთამაშია ვინმეს ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჯეისონ მერსიერი აკეთებდა. თუ სადმე დიდი ტურნირი დაანონსდებოდა, მონაწილეთა სიაში PokerStars-ის სახე ერთ-ერთი პირველი ჩნდებოდა. პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდ პოკერს შორდებოდა, 2018 წლის PCA-ში მერსიერის არგამოჩენა იყო. ცოტა ხანში, ჯეისონ მერსიერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობდა, რომ ის PokerStars-ის გუნდს ტოვებდა. ინტენსიური თამაშის შეწყვეტის მიზეზი მისი მეუღლე და ახალშეძენილი შვილი იყვნენ: "ჩემი ცხოვრება იმ დღეს სამუდამოდ შეიცვალა. როცა მშობელი ხდები, სრულიად ახალ ადამიანად იქცევი."
მიუხედავად იმისა, რომ მერსიერმა 'სტარსი' დატოვა, მას პოკერთან კავშირი არ გაუწყვეტია. 2018 წელს, სხვადასხვა ტურნირზე მან $297.296 დოლარი დააგროვა.
"მე პოკერის თამაშს აღარ ვაპირებ. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომელიც დასრულდა. წარმოუდგენელი შეგრძნებაა ის, რომ არსებობს სტრატეგიული თამაში, რომლითაც დიდი ფულის შოვნა შეგიძლია" - დაგ პოლკმა განცხადება 2018 წლის სექტემბერში გააკეთა, მას შემდეგ, რაც $100 დოლარით $10.000-იანი ბანკროლის მოგროვება შეძლო.
"ბოლო დროს პოკერით ვეღარ ვერთობოდი. ეს საქმედ და მძიმე შრომად გადაიქცა" - ყვებოდა ის. მიუხედავად მისი ასაკისა, დაგ პოლკი ონლაინ პოკერის ვეტერანად შეიძლება ჩაითვალოს. ის Upswing Poker-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც უამრავ აქტივობაში იყო ჩასული. მისი თაოსნობით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რამდენიმე წლის წინ, 200.000 დარიგების დისტანციაზე ხელოვნური ინტელექტის დამარცხება შეძლო. მის 'იუთუბის' გვერდზე გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ პოკერის დარიგებების პროფესიონალურ დონეზე განხილვა, მნიშვნელოვანი სიახლეები სათამაშო ინდუსტრიიდან და, რაც ყველაზე მთავარია, პოლკის სემინარები კრიპტოვალუტების შესახებ.
როგორც წესი, დოილ ბრანსონი დაბალი ბაი-ინის ტურნირებში, რომლებიც 'რიგითი მოკვდავებისთვისაა' ორგანიზებული, მონაწილეობას არ ღებულობს. 2018 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიანი 2-7 სინგლ დროუს ტურნირზე მისი გამოჩენა ყველას გაუკვირდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 'პოკერის ნათლიად' წოდებული მოთამაშე სატურნირო კარიერის დასრულებას WSOP-ის იმ ტურნირით აპირებდა, რომელმაც პირველი ოქროს სამაჯური მოუტანა.
"ჩემი მეუღლის ჯანმრთელობას საუკეთესო არ ეთქმის, - ამბობდა ტურნირის დაწყებამდე ბრანსონი, - რეგულარულად თამაშს აღარ ვაპირებ, რადგან ჩემი ან მისი დარჩენილი ცხოვრება ერთად გვინდა გავატაროთ." როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრანსონი სატურნირო პოკერს გამოემშვიდობა. ის კაზინო Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ის რეგულარული სტუმარია, სადაც $3.000/$6.000 ლიმიტის ქეშ-გეიმებში ღებულობს მონაწილეობას.