"ჩემნაირი კარტით ტურნირზე გამარჯვებას ნებისმიერი შეძლებდა" - სემ გრინვუდმა PCA-ზე $1.775.460 მოიგო
რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო მედიის ყურადღება PCA-ის ტურნირზე ძმები გრინვუდების გამოჩენამ მიიპყრო, რომლებიც $25.000 დოლარიან ჰაი როლერის საპრიზო ადგილებზე გავიდნენ. გუშინ კი ერთ-ერთმა გრინვუდმა, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულმა ძმამ დიდი ტურნირი მოიგო.
როცა მოთამაშეს კარტი წყალობს, ის დაუმარცხებელი ხდება, მაგრამ როცა იღბალი სემ გრინვუდის დონის მოთამაშისკენ იხრება, შეიძლება ვთქვათ, რომ საქმე უსამართლობასთან გვაქვს. ის ულიმიტო ჰოლდემის ტურნირების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რომელსაც ზებუნებრივი ძალების დახმარება არ სჭირდება, მაგრამ ბოლო ტურნირზე სწორედ ასე მოხდა. "ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო ხელი მყავდა, - ყვება სემ გრინვუდი, - ჩემნაირი იღბლით ნებისმიერი მოთამაშე შეძლებდა ტურნირის მოგებას."
მიუხედავად იმისა, რომ გრინვუდმა ფინალური მაგიდა სიტყვა 'ადვილით' დაახასიათა, გადამწყვეტი დღის სტარტისთვის მის მდგომარეობას იგივე ნამდვილად არ ეთქმოდა. 5 მოთამაშიდან ის მე-4 ადგილზე იმყოფებოდა და მხოლოდ 17 ბიგ ბლაინდს ფლობდა. მან 3-ჯერ მოახერხა სტეკის გაორმაგება, რის შემდეგაც მაგიდაზე არსებული ჩიპების ნახევარს აკონტროლებდა. ერთ-ერთ მომენტში, AA-ით გრინვუდმა კრის ჰანიკენის AK დაამარცხა, რომელსაც ჰენრიკ ჰეკლენის სტეკის ნაწილიც ემსხვერპლა. გრინვუდის ანგარიშზეა ასევე ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენისა და მოყვარული მოთამაშის, თალალ საკერჩის გაგდება.
მაგიდის ყველაზე ნაკლებად ცნობილი მოთამაშე - ჰესუს კორტესი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცუდად დამარცხდა: ფლოპზე მიღებული სეტი მას გრინვუდის სთრეითმა გაუფუჭა.
რამდენადაც გრინვუდი 10-1 ჩიპლიდს ფლობდა, ჰენრიკ ჰეკლენთან ჰედს-აპ დაპირისპირებას ფორმალური უფრო ერქვა, ვიდრე რეალური თამაში. კანადელი მოთამაშის ანგარიშზე 6 შვიდნიშნა ანაზღაურებაა. ტურნირებზე, საერთო ჯამში, მას $14 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული.