"ელეზრა ჩემს ოჯახს ემუქრება" - ეიბ მოსერი და კოლ საუთი ელი ელეზრას დიდ ვალს ედავებიან
ლეგენდარულმა ჰაი სტეიკს გემბლერმა, სატელევიზიო პოკერ შოუების ვარსკვლავმა და WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურის მფლობელმა, ელი ელეზრამ სულ ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული წიგნი Pulling the Trigger გამოსცა. ებრაული წარმოშობის ამერიკელმა მოთამაშემ წიგნის პოპულარიზაცია ონლაინ სივრცეში სცადა და Two Plus Two-ზე თემა გახსნა, სათაურით "მკითხე, რაც გინდა - ელი ელეზრა".
ფორუმის მომხმარებლებმა უამრავი კითხვა დასვეს, რომლებსაც ელეზრა გულმოდგინედ პასუხობდა. კითხვებს შორის ელი მისი გადაუხდელი ვალებიც გაჟღერდა, რაზეც მოპასუხემ განაცხადა, რომ პოკერის სამყაროში სესხება ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ ის ყოველთვის ისტუმრებს ვალებს. როცა საქმეში კოლ საუთი ჩაერთო, თემის ავტორი დიდი ხნით გაჩუმდა.
"მსგავსი სახალხო კამათის გამართვა ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ როცა ასეთ რამეს ვხედავ, ვერ გავჩუმდები, - წერს Two Plus Two-ზე ონლაინ გრაინდერი, კოლ საუთი, - 2010 წლის 15 ივლისს, Bobby's Room-ში ელიმ ჩემგან $100.000 დოლარი ისესხა. მაგიდასთან ლას ვეგასის ერთ-ერთი ვეტერანი რეგულარი იჯდა, რომელმაც ჩუმად მითხრა, რომ ამ საქციელს ვინანებდი, მაგრამ მას ყურადღება არ მივაქციე. ერთი წლის განმავლობაში მასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა და Full Tilt Poker-ზე განხორციელებული ტრანსფერებით, ელეზრამ $60.000 დოლარი დამიბრუნდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ის არც მესიჯებს პასუხობდა, არც - ზარებს. მე 'სქრინშოთებიც' კი მაქვს შენახული, მაგრამ მინდა, მას მივცე განმარტების საშუალება."
რამდენიმე საათის შემდეგ, ელეზრამ კოლ საუთის ბრალდებას "განსხვავებული შეხედულება" უწოდა და მომჩივან მხარეს საუბარი შესთავაზა. კოლ საუთმა რამდენიმე 'სქრინშოთი' დადო, სადაც ის ელეზრასთან დაკავშირებას ცდილობდა. მოგვიანებით, 23 იანვარს ელეზრას წიგნთან დაკავშირებული თემა, რომლის ძირითადი ნაწილიც კოლ საუთთან დაკავშირებულ სკანდალს ეთმობოდა, ფორუმიდან წაიშალა და ახალი თემა გაიხსნა.
27 იანვარს, ელეზრას თემაში კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე - ეიბ მოსერი გამოჩნდა, რომლის განცხადებითაც ელეზრას მისთვის $800.000 დოლარი უნდა დაებრუნებინა. "ელი ელეზრასთან დაკავშირებით განცხადებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც ჩემი ადვოკატებისგან ნებართვას მივიღებ, - წერს მოსერი, - განცხადებაში არამხოლოდ ჩემი და ელეზრას ამბავი იქნება მოთხრობილი, არამედ ისიც, თუ როგორ ემუქრებოდა ის ჩემს ოჯახს."
როგორც მოსერი ამბობს, 9 წლის წინ მან ელეზრას $1 მილიონი დოლარი ასესხა, საიდანაც მხოლოდ $147.000 დაიბრუნა. მოგვიანებით, ეიბ მოსერის ბრალდებებთან დაკავშირებით ელი ელეზრამ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც მოთამაშეებს შორის მომხდარ გაუგებრობაზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გამოშვებაში.