სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, Aussie Millions Main Event-ის ჩემპიონი ბრინ კენი გახდა
Aussie Millions-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური Main Event-ის ჩემპიონი ამერიკელი ჰაი სტეიკს გრაინდერი, ბრინ კენი გახდა, რომელმაც სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემპიონის ტიტული და $923.269 დოლარიანი ანაზღაურება მოიპოვა.
კენიმ ფინალური მაგიდა შორტ სტეკის სტატუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დაიწყო. პირველი 50 დარიგების განმავლობაში, მან ორჯერ მოახერხა სტეკის გაორმაგება, რაც მისი სატურნირო სიცოცხლის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა. როცა მაგიდასთან სამნი დარჩნენ, კენი კიდევ ერთხელ გაორმაგდა, რაც მისი გამარჯვების გადამწყვეტ აკორდად იქცა.
სამეულმა 100 დარიგება ითამაშა და შესვენება აიღო. შესვენების შემდეგ, მოთამაშეებმა ICM-ის გადახედვა და მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტეს. "მე პირდაპირ ვთქვი, რომ მოლაპარაკება არ მაინტერესებდა, თუ გამარჯვებულად არ მაღიარებდნენ, - ყვება ბრინ კენი, - მსგავს თანხაზე ბევრჯერ მითამაშია, რამაც დაძაბულობა მომიხსნა. მათთვის კი(იგულისხმება ოპონენტები), ეს ტურნირი დიდი ნახტომი იყო."
მეორე ადგილზე გასული მაიკ დელ ვეკიო ყველაზე უკმაყოფილო ჩანდა: "ძალიან საწყენია! ჩემპიონის ტიტული ყველაფერს მერჩივნა. როცა მოლაპარაკება დავიწყეთ, მას (კენის) ფულიც უნდოდა და პირველი ადგილიც." გასული წლის Aussie Millions-ის მეინ ივენთზე, დელ ვეკიომ მე-5 პოზიცია დაიკავა. მას შემდეგ, რაც მან წელსაც მოახერხა ფინალურ მაგიდაზე თამაში, მისი ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა.
სულ სხვანაირი იყო მესამეადგილოსანი ავსტრალიელი მოთამაშის, ენდრიუ ჰინრიკსენის რეაქცია: "მოლაპარაკება და ფულის განაწილება ჩემთვის ძალიან უცხო იყო. გამიხარდა, მე-3 ადგილზე თითქმის მე-2 ადგილის ანაზღაურება რომ მივიღე. მსგავსი მასშტაბის თამაშში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არც ვაპირებ." $796.410 დოლარი ავსტრალიელის კარიერაში საუკეთესო ანაზღაურებაა.
ბრინ კენი, როგორც ყოველთვის, დამახასიათებელი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა: "როცა მართლა არაჩვეულებრივ თამაშს ვაჩვენებ, საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო ვრჩები, რადგან ჩემს მოქმედებებს ძალიან მკაცრად ვაფასებ. ახლა საშუალება მაქვს დავისვენო და პოკერზე არ ვიფიქრო. გაცილებით დიდ თანხებზე მითამაშია, მაგრამ ამ ქალაქში მოგება სულ სხვა განცდაა."