ბოლო 2 თვეში თალალ შაკერჩიმ $2.4 მილიონი მოიგო
დეკემბერში და 2019 წლის პირველი თვეების განმავლობაში, თალალ შაკერჩიმ $2.4 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. PSPC-ზე მას საოცრად არ გაუმართლა და ბედ ბითით გამოეთიშა ტურნირს, თორემ რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
ვინ არის თალალ შაკერჩი? მისი სახელი ჰაი როლერ ტურნირების განხილვისას შეგხვდებათ. შაკერჩი ბრიტანელი ბიზნესმენია, რომლის საქმიანობაც საინვესტიციო ფონდებთანაა დაკავშირებული. მისი ქონება, დაახლოებით, $150 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც შაკერჩი პროფესიონალის ნაცვლად მოყვარულ მოთამაშედ შეიძლება ჩაითვალოს, ისაა რომ ბრიტანელი ბიზნესს უფრო დიდ დროს უთმობს, ვიდრე თამაშს. მისი საერთო სატურნირო მოგება $7.188.646 დოლარს შეადგენს - მსგავს შემოსავალზე ბევრი პროფესიონალი იოცნებებდა. შაკერჩი არც ონლაინ პოკერს ერიდება: მას $10.000 SCOOP Main Event აქვს მოგებული, $1.4 მილიონიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის.
შაკერჩიმ დეკემბერში $100.000-იან WPT Five Diamond-ზე მე-6 ადგილი დაიკავა და $222.000 დოლარი მიიღო. რამდენიმე დღეში ის $300.000-იანი Super High Roller Bowl-ის მე-4 ადგილზე გავიდა და მისი კარიერის საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურება - $1.188.000 დოლარი მიიღო. 2019 წლის დადგომა ბრიტანელმა მოთამაშემ ბაჰამის კუნძულებზე გადაწყვიტა და PokerStars-ის ფესტივალს დაესწრო, სადაც მას კიდევ 2 ფინალური მაგიდა ელოდა. $25.000 PSPC-ის მე-8 ადგილისთვის მან $509.000, ხოლო $100.000 PCA Super High Roller-ის მე-5 ადგილისთვის $485.300 დოლარი მიიღო.
PSPC-ზე მისი ისტორია შესაძლოა გაცილებით უკეთესად განვითარებულიყო, მაგრამ შაკერჩის არ გაუმართლა. მისი AA ჟულიენ მარტინის AQ-თან დამარცხდა.