მოთამაშის პირველი წლები: როგორ დაიწყო თამაში ენდრიუ რობლმა?
რამდენიმე დღის წინ, ვეტერანმა მოთამაშემ - ენდრიუ რობლმა პოლ ფუას 'იუთუბის' არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და პროფესიონალი მოთამაშის კარიერაზე ისაუბრა. რობლი დიდი ხნის გრაინდერია, რომელმაც სახელი ლაივ და ონლაინ თამაშით გაითქვა. პერიოდულობით, ის სატელევიზიო ტურნირებზეც ჩნდებოდა, მაგრამ მისი ძირითადი სპეციალობა ქეშ-გეიმია.
17-18 წლის ასაკში ის ონლაინ პოკერ-რუმებში, მიკრო ლიმიტებზე თამაშობდა, მაგრამ 20 წლისა უკვე მილიონერი იყო. კითხვაზე, თუ ვინაა ენდრიუ რობლი, მან ასე უპასუხა: "მე დაოჯახებული მამაკაცი ვარ, რომელსაც ძაღლი ჰყავს." პოკერით ის მაშინ დაინტერესდა, როცა WSOP-ის ტრანსლაციები ნახა. სკოლაში ხშირად თამაშობდა: "თამაშები ძალიან მიყვარს, მაგრამ პოკერით იმიტომ დავინტერესდი, რომ ის იღბალთანაცაა კავშირში. თამაში მონოტონური და გამეორებითი შეიძლება იყოს, პოკერში კი არასდროს იცი რა მოხდება."
როგორც თავად ყვება, ის ყოველთვის მეამბოხე იყო. მას არ სურდა მშობლების ცხოვრების გაგრძელება და ჩვეულებრივი სამსახურის მოძებნა. პოკერი მისთვის ალტერნატიული შემოსავლის წყარო იყო, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას აძლევდა: "როდესაც WSOP-ის ეთერს ვუყურე, მაშინვე მივხვდი, რომ პროფესიონალი მოთამაშე უნდა ვყოფილიყავი. მათ არც სამსახური ჰქონდათ, არც ვინმეს დავალებით შრომობდნენ - ისინი თავისუფალი ადამიანები იყვნენ. 18 წლის ვიყავი, როცა ონლაინ პოკერით $80.000 დოლარამდე მოვაგროვე. მაშინ ასეთი ფული, ჩემთვის, მილიონებს უდრიდა."
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ყველაფერი ისეთი ადვილი არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: "პატარა ვიყავი, როცა ჩემი ნახევარი ბანკროლი წავაგე. ვფიქრობდი, რომ მართლები იყვნენ, როცა მეუბნებოდნენ, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა. აეროპორტში ვიჯექი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ჩემი ცხოვრებისთვის. სწორედ მაშინ მქონდა პირველად პანიკის შეტევა, რაც მანამდე არასდროს განმიცდია. ფილ გალფონდს ველაპარაკე, რომელიც მაშინ ჩემზე ბევრად უკეთესი მოთამაშე იყო. ახლო მეგობრები ვიყავით. ვუყვებოდი, რას და როგორ ვაკეთებდი მაგიდასთან. ხშირად მეთანხმებოდა და მეუბნებოდა, რომ სწორად მოვიქეცი და ასე თამაში ჯობდა. მისმა სიტყვებმა თავდაჯერებულობა მომცა და მძიმე დრო გადამატანინა."
რობლის მონათხრობით, მის გარშემომყოფებს მისი წარმატების არ ჯეროდათ: "ყველას, ვისაც შენთვის უკეთესი უნდა, წარმატების თავისი ფორმულა აქვს. ყველაზე მეტად ჩავარდნის მეშინოდა. თამაშიც ამიტომ გამომდიოდა კარგად - შიში იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ მას არ შევჯახებოდი, მაგრამ ზოგჯერ, მსგავსმა შიშმა შეიძლება ძალიან დაგაზიანოს."
ენდრიუ რობლის სრული ინტერვიუ ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ: