პოლიციამ კაზინო Bellagio-ს მძარცველი მოკლა
კაცი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში Bellagio-ს ხაზინა ორჯერ გაქურდა, პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა. პარასკევს, საღამოს 9:45-ზე, პისტოლეტით შეიარაღებული 49 წლის მაიკლ ჩარლზ კოენი კაზინო 'ბელაჯიოში' შევიდა და პოკერ-რუმთან არსებული სალაროდან ფულის წაღება სცადა.
'ბელაჯიოში' ყაჩაღობის მომენტში ჰაი სტეიკს რეგულარები იმყოფებოდნენ, მათ შორის ელი ელეზრაც, რომლებმაც გულშემატკივრებს მომხდარის შესახებ 'ტვიტერზე' აცნობეს.
სალაროს დაყაჩაღების შემდეგ, კოენი მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი გასასვლელისკენ გაემართა, საიდანაც მანქანით კაზინოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა. სრულიად შემთხვევით, მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ქვედანაყოფი აღმოჩნდა, რომლებიც 12 წლის გაუჩინარებულ გოგონას ეძებდნენ. პოლიციის მოთხოვნას, რომ გაჩერებულიყო, კოენი არ დაემორჩილა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთი ოფიცერი მკერდის არეში დაიჭრა. კოენის მიმართ განხორციელებული რამდენიმე გასროლიდან ერთ-ერთი ფატალური აღმოჩნდა.
როგორც ნევადის შტატის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, შესაძლოა, მათთვის და შემთხვევითი გამვლელებისთვის დღე ცუდად დასრულებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა: დაჭრილმა პოლიციელმა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება, მადლობის სიგელი მიიღო.