თამაშის დაწყებამდე: ერიკ საიდელის ისტორია. 1-ლი ნაწილი

ბოლო 10-15 წლის მანძილზე, პოკერში უამრავი ახალი სახე გამოჩნდა, რომლებმაც ძველი თაობის ჩანაცვლება შეძლეს. ერიკ საიდელი რამდენიმე მოთამაშიდან ერთ-ერთია, ვინც კვლავაც მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და ვისი მაგიდასთან გამოჩენაც საკმაო დისკომფორტს იწვევს. ჯასტინ ბონომოსა და დენიელ ნეგრანუს შემდეგ, ის მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგში მე-3 ადგილს ინარჩუნებს - მის სატურნირო ანგარიშზე $35 მილიონ დოლარამდეა. უცნობია, რამდენი აქვს მოგებული საიდელს ქეშ-გეიმებზე. 

ვინ იყო საიდელი თამაშის დაწყებამდე? - ნიუ იორკელი ბიჭი, რომელიც მანჰეტენზე, საკმაოდ მრავალფეროვან სამეზობლოში გაიზარდა. კოლეჯის წლებში პოკერი რამდენჯერმე ითამაშა, მაგრამ მიხვდა, რომ მაგიდასთან თევზი თავადვე იყო. მოგვიანებით, Mayfair Club-ში საიდელმა ნარდი ისწავლა: "ნარდი ძალიან მიყვარდა, მაგრამ რაც მთავარია, იმ პერიოდის ნიუ იორკში კარგი თამაში ყოველთვის მოიძებნებოდა. კლუბში კარგი ფულის გამომუშავება დავიწყე. ძირითადად, ბრიჯს და ნარდს ვთამაშობდით."

სანამ ნიუ იორკის ყოფილი მერი, რუდი ჯულიანი კლუბს დახურავდა, ის აქტიურად მასპინძლობდა დიდ თამაშებს. Mayfair Club-ში ნარდის სათამაშოდ პოკერის ისეთი ლეგენდები იკრიბებოდნენ, როგორებიც დენ ჰარინგტონი და ჰოვარდ ლედერერი არიან. "რამდენადაც ნარდის თამაშით კარგ ფულს ვშოულობდი, კოლეჯი დიდ ტვირთად გადამექცა, რომელიც დროს მართმევდა და თამაშში ხელს მიშლიდა." 

თინეიჯერობის პერიოდში საიდელი მათემატიკას საფუძვლიანად დაეუფლა. მისი აზრით, სკოლებში სასწავლო პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გადაიხედოს და მასში თამაშის თეორია უნდა დაემატოს, რაც მათემატიკური ანალიზის გასავითარებლად საუკეთესო ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ერიკ საიდელი ნამდვილი ერუდიტია, ახალგაზრდობაში ის საკმაოდ უკანდახეული და მორცხვი ადამიანი იყო, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა უჭირდა: "სამსახურში გასაუბრება მქონდა. მითხრეს, რომ ყველაზე ცუდი გასაუბრება ჩემთან შედგა. ჩემი ორი მეგობარი თავდებში დამიდგა, რომ ჩემგან რამე გამოვიდოდა. სამსახურში მათი დამსახურებით ამიყვანეს." 

Paine Webber-ში საიდელმა 18 თვე გაატარა. სათამაშო კლუბის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, როჯერ ლოუმ ნარდის თამაშის ნაცვლად Amex-ში დაიწყო ვაჭრობა. "როჯერმა მაშინ მაგარი ფული გააკეთა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას მასწავლიდა. როცა მეც იგივე საქმეში ჩავები, ვიფიქრე, რომ ცუდი შემოსავალი არ მქონდა და თან საკმაოდ სტაბილურიც იყო. სტაბილური მართლაც გამოდგა... მხოლოდ 3 თვით. შემდეგ 1987 წლის ოქტომბერი მოვიდა, რომელმაც ცნობილი "შავი ორშაბათი" მოიტანა. მე სამსახურის გარეშე, ქუჩაში დავრჩი."

საიდელი იძულებული გახდა, ნარდის გარდა რამე სხვაც ეცადა: "ქალაქში პოკერისთვის რამდენიმე ადგილი იყო. მაშინ ძალიან ცუდად ვთამაშობდით. მე იმ ადამიანებისგან მიწევდა პოკერის სწავლა, ვისაც თამაშზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ამიტომაც, ყველაფერში გარკვევა თავად მომიხდა."

თავდაპირველად Mayfair Club-ში პროფესიონალი მოთამაშეები არ დაიშვებოდნენ. მოგვიანებით, კარი ყველასთვის გაიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰარინგტონი, ლედერერი და სხვები კლუბში თამაშს შეძლებდნენ. ეს ხელს საიდელს აძლევდა, რომელსაც თამაშის სწავლა სურდა. რამდენადაც ნარდიც იგივე გზით ისწავლა, საუკეთესო მოთამაშეებისგან ინფორმაციის ათვისება მას არ გაჭირვებია. "თამაში ცუდად არ მიმდიოდა. ერთი წლით ადრე, ჰარინგტონმა და ლედერერმა მეინ ივენთის ფინალურ მაგიადმდე მიაღწიეს, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ყველა მეუბნებოდა, რომ დრო იყო ვეგასში გადავსულიყავი და ბედი იქ მეცადა." 

1988 წელს ერიკ საიდელი ლას ვეგასში ჩავიდა და WSOP-ის მეინ ივენთზე დარეგისტრირდა. "ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ჯონი ჩენი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო. ტურნირის თამაშიც ამ წარმოდგენით დავიწყე. ბოლოს, ფინალურ ჰედს-აპში, მასთან პირისპირ აღმოვჩნდი." მაშინდელი ტურნირის მე-2 ადგილისთვის საიდელმა $280.000 დოლარი მიიღო. საპრიზო ფულიდან მას მხოლოდ 30% შეხვდა, რადგან ბაი-ინის უმეტესობა მეგობრებმა შეუგროვეს. 

როგორ განვითარდა ერიკ საიდელის კარიერა ლას ვეგასში? - ამას შემდეგ ნაწილში შეიტყობთ. 

რუმები

ქართული უცხოური