თამაშის დაწყებამდე: ერიკ საიდელის ისტორია. მე-2 ნაწილი
1995 წელი. ოკეანის ორივე მხარეს ბრიტპოპი და გრანჟი დომინირებს, რომელიც მუსიკალური გემოვნების გარდა, ჩაცმულობასაც განსაზღვრავს. ნიუ იორკის ქუჩას კი ჰალსტუხსა და პიჯაკში გამოწყობილი ერიკ საიდელი მიუყვება. 7 წლით ადრე, მან ჯონი ჩენი დაამარცხა, მაგრამ ახლა Amex-ის ტრეიდერია და დრეს კოდსს მკაცრად იცავს.
"1988 წელს WOSP-ზე კარგად გამოვედი. შემდეგი ტურნირი მოვიგე კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ აზარტული თამაშებით ოჯახის შენახვას ვერ შევძლებდი. ასე აღმოვჩნდი ვოლ სტრიტზე."
ერიკ საიდელს ორი სამსახური ჰქონდა: დღისით ის Amex-ის ტრეიდერი იყო, ღამით კი პოკერის მოთამაშე. რომ არა მისი ახალგაზრდა მეუღლე, შესაძლოა, საიდელის სახელი ჩვენთვის სრულიად უცნობი ყოფილიყო: "ჩემმა მეუღლემ იცოდა, რომ სამასხურში ბედნიერი არ ვიყავი. იცოდა, რომ ვერ ვიტანდი ჰალსტუხს, გატენილი მატარებლით მგზავრობას, მთელი დღეები ხალხით სავსე დარბაზში დგომას... მან ვეგასში გადასვლა შემომთავაზა. არ ვიცი, რა მიზეზი ჰქონდა ასეთი ოპტიმიზმისთვის, მაგრამ მისი რწმენა ჩემში ძალიან დიდი იყო."
ერიკ საიდელს საკუთარ თამაშში ეჭვი არასდროს შეპარვია. რწმენის ნაკლებობის მიზეზი ეს არასდროს გამხდარა. მას გაცილებით ადარდებდა ცვლილებები, რაც ნიუ იორკიდან ლას ვეგასში გადასვლას მოჰყვებოდა; ის არ იყო დარწმუნებული, შეეძლო თუ არა ადამიანებთან თავისუფალი ურთიერთობა... "ნიუ იორკის გარდა სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ქალაქზე დამოკიდებული ვიყავი. არ ვიცოდი, შეეძლო თუ არა იგივეს შემოთავაზება ლას ვეგასს."
თავის 30-იან წლებში, ერიკ საიდელი პროფესიონალი მოთამაშის გზას გაუდგა, რასაც მის ოჯახში სიხარულით არ შეხვდნენ: "დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა მხარში დგომას, მაგრამ მამა ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა. წლების შემდეგ, როცა წარმატებას მივაღწიე, მამამ დაინახა, რომ ცუდი შემოსავალი არ მქონდა. ახლა ჩემით ძალიან ამაყობს."
ერიკ საიდელი არასდროს ყოფილა ვუნდეკრინდი - მას ყველაზე კარგად გარშემომყოფებისგან ცოდნის მიღება გამოსდიოდა. მიუხედავავდ იმისა, რომ მან პოკერში ვოლ სტრიტზე მიღებული გამოცდილება და შრომისმოყვარეობა გადაიტანა, თავის წარმატებას Mayfair Club-ში მიღებულ პრაქტიკას უკავშირებს. "ჩვენ საერთო მეგობრები გვყავდა. მაშინ ის ნარდით იყო დაინტერესებული, - ყვება საიდელი ლეგენდარულ გემბლერზე, WSOP-ის რეკორდსმენზე, სტივ ანგარზე, - ის განსაკუთრებული ადამიანი იყო." ერიკ საიდელისა და სტუ ანგარის მეგობრობა ამ უკანასკნელის ტრაგიკულ სიკვდილამდე გაგრძელდა.
სტუ ანგარის გარდა, ერიკ საიდელს სხვა მეგობრებიც ეცლებოდნენ ხელიდან. უკანასკნელი მეგობარი, რომელიც ჩვენმა გმირმა დაკარგა, პოლ მაგრილი იყო - Mayfair Club-ის კიდევ ერთი წევრი.
მსგავსმა მტკივნეულმა მომენტებმა საიდელს თამაშთან დაკავშირებული სირთულეების გადატანა ასწავლა: "20 წლის განმავლობაში პოკერს მხოლოდ იმიტომ ვთამაშობ, რომ ის ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გარკვეული პერიოდით, შესვენება ავიღე. დიდ დროს ვუთმობდი მოგზაურობას. წელს, ისევ აქტიურად ვაპირებ პოკერში ჩართვას. ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება."
2019 წელს მან უკვე მოახერხა 2 ტურნირის საპრიზო ადგილის დაკავება. რა თქმა უნდა, მისი მთავარი სამიზნე WSOP-ის საზაფხულო სერიებია, სადაც მის გამოჩენას ერთდროულად სიხარულითა და შიშით ელოდებიან. ერიკ საიდელმა მორცხვი, ჩაკეტილი თინეიჯერისგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრაინდერად გადაქცევა შეძლო. მისი მაგალითი და ისტორია დამწყები და მოყვარული მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითია და აჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.