პოკერის მოთამაშემ დარენ ელიასის დაყაჩაღება სცადა

გასულ კვირას, WPT-ის ცოცხალი ლეგენდის, დარენ ელიასის დაყაჩაღება მისმა ნაცნობმა, შენონ სოროკამ სცადა. საბედნიეროდ, ელიასი და მისი ოჯახი შეიარაღებული ყაჩაღობისას არ დაზარალებულან და უსაფრთხოდ არიან, დამნაშავე კი პოლიციამ დააკავა. 

21 მარტს, WPT-ის რეკორდსმენი, სერიების ოთხგზის გამარჯვებული - დარენ ელიასი მეუღლესთან ერთად სეირნობდა, როდესაც მის სახლში მისი მეგობარი, ასევე პოკერის მოთამაშე, შენონ სოროკა შეიჭრა. სოროკამ, იარაღის მუქარით, ელიასის შვილის აღმზრდელს ჯერ სახლის მეპატრონის სეიფის ჩვენება მოსთხოვა, შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრა და ოთახში ჩაკეტა. 19 წლის გოგომ ტყვეობიდან თავის დაღწევა შეძლო, სახლიდან გაიქცა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

"ის ჩვენი გმირია. ჩვენ მასთან ვალში ვართ, - ამბობს დარენ ელიასის მეუღლე ბავშვის აღმზრდელზე, - ბედნიერები ვართ, რომ ამ კოშმარის გამო არავინ დაშავებულა."

შენონ სოროკა 24 წლის ფილადელფიელია, რომელიც ასევე პოკერით იყო გატაცებული. HandonMob-ის მონაცემებით, მის სატურნირო ანგარიშზე $37.745 დოლარის მოგებაა. ის ძირითადად $50-დან $100 დოლარამდე ღირებულების ტურნირებს თამაშობდა. დარენ ელიასის სახლი ნიუ ჯერსიში მდებარეობს, რაც არც ისე შორსაა სოროკას მშობლიური ქალაქიდან. "მან იცოდა ჩემი საქმიანობისა და შემოსავლების შესახებ, - ყვება ელიასი, - ალბათ, იფიქრა, რომ სახლში ძვირფასეულობას ან ფულს ვინახავდი."

ამჟამად, შენონ სოროკა ბარლინგტონის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალად ედება იარაღის უკანონო შენახვა, ყაჩაღობა, ფიზიკური ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მუქარა. 

რუმები

ქართული უცხოური