ინტერვიუ ფედორ ჰოლცთან
ფედორ ჰოლცის კარიერა 2015-2016 წლებში აფეთქდა, როცა მან WPT-ისა და Triton-ის სერიებზე $4.5 მილიონი დოლარი მოიგო. საერთო ჯამში, პოკერის მაგიდებთან მან $30.000.000 დოლარზე მეტი დააგროვა, PartyPoker-თან კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ 'დიდი სპორტიდან' წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და საავტორო აპლიკაცია Primed Mind შექმნა. ფედორ ჰოლცის თავბრუდამხვევი კარიერა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე გრძელდება. გერმანელ მოთამაშეს HighStakesDB ესაუბრა.
2016-ში საოცარი წელი გქონდა. რა მომენტში იგრძენი, რომ დაუმარცხებელი იყავი?
2016 წელს მართლაც დიდი 'ჰითერი' მქონდა და, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში თავს დაუმარცხებლად ვგრძნობდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა Aria-ში გამართულ ჰაი როლერებზე ბევრს ვიგებდი. კარგადაც ვთამაშობდი და მიმართლებდა კიდეც. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო.
შემდეგ წლებში ჯასტინ ბონომომ, დევიდ პიტერსმა და მიკიტა ბადიაკოვსკიმ უამრავი ფული მოიგეს. როგორ ფიქრობ, ეს მათ ნიჭზე მიუთითებს, თუ შეიძლება ვთქვათ, რომ უმართლებდათ?
მგონია, რომ როცა რამდენიმე ტოპ მოთამაშე გყავს და როცა ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, საქმეში იღბალი ერთვება. ჩვენ შორის რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობაზე საუბარი გადაჭარბებულია. ამიტომაც, თუ ამ კატეგორიაში ვინმე ძალიან ბევრს იგებს, ეს მისი იღბლის დამსახურებაცაა.
რა იყო შენი უპირატესობა, რაც სხვებისგან გამოგარჩევდა?
პირველ რიგში, ეს კომუნიკაციის უნარი იყო. ტურნირებზე ჩემს გერმანელ მეგობრებთან ერთად დავდიოდი. მუდამ ერთად ვმოგზაურობდით და მათგან უამრავი რამ ვისწავლე. იდეებს ვცვლიდით, სტრატეგიებს განვიხილავდით და ა.შ. მაგიდასთან, ყოველთვის ვცდილობდი, სხვა მოთამაშეებისგან მესწავლა და მათი ცოდნა საჩემოდ გამომეყენებინა.
ახლა რომ PartyPoker-ის მენეჯერი იყო, რას შეცვლიდი?
ტურბო ტურნირები ჩემი საყვარელი თამაში იყო. ამიტომაც, ტურბოების სერიებს დავამატებდი.
პოკერში დაბრუნებას და რეგულარულ თამაშს თუ აპირებ?
ერთადერთ შემთხვევაში: თუ ჰაი როლერ ტურნირები დროის მოკლე პერიოდში, ერთდროულად ჩატარდებოდა. არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.
როგორ ფიქრობ, ინტუიციაზე დამყარებული პოკერი ისევ მომგებიანი თამაშია?
ადამიანებს ზედმეტი წარმოდგენა აქვთ იმ ინფორმაციასა და ცოდნაზე, რასაც ისინი ფლობენ. უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის არ არის რეალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული. ამიტომაც, ზოგჯერ, ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
წელიწადში ერთი ტურნირის თამაშის საშუალება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
ყოველწლიურად არ ტარდება, მაგრამ $1 მილიონიან One Drop-ს ვითამაშებდი.