უინფრედ იუმ Short Deck-ის და აზიური პოკერის მომავალზე ისაუბრა
უინფრედ იუ ჩინური პოკერის ამომავალი ვარსკვლავია. წარმოშობით ჰონგ კონგელი მოთამაშე ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც მან პოკერის ცნობილ მიმომხილველთან, ლი დეივისთან ინტერვიუ ჩაწერა.
დეივისთან საუბრისას, იუ საკმაოდ ოპტიმისტურ ტალღაზე იყო, რაც მონტენეგროს Triton HighRoller-ზე მისი წარმატებით იყო განპირობებული - მან HK$ 100.000-იანი Short Deck ივენთი მოიგო, $260.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. როგორც ჩინელი მოთამაშე ყვება, აზიელი გემბლერების მიერ შორთ დექის სახეობა ტრადიციული ჰოლდემის ალტერნატივად განიხილება. შორთ დექმა კი აზიურ პოკერს ახალი სიცოცხლე აჩუქა.
საქმე იმაშია, რომ ულიმიტო ჰოლდემი - იქნება ეს ტურნირი, თუ ქეშ-გეიმი, სულ უფრო კარგავს მიმზიდველობას, რადგან თამაში უკვე დეტალურადაა შესწავლილი. აზიელ გემბლერებს შიში გაუჩნდათ, რომ პოკერის დასავლური ელიტა მათ უშრეტი შემოსავლის წყაროდ აღიქვამს, რადგან ამერიკასა და ევროპაში ჰოლდემი გაცილებით მაღალ დონეზეა განვითარებული, ვიდრე აზიაში, სადაც პოკერი ახლა იკიდებს ფეხს. შორთ დექის შემთხვევაში კი ორივე მხარე თანაბარ მდგომარეობაშია: თამაში იმდენად ახალია, რომ მის წესებზეც კი არ არსებობს საერთო შეთანხმება. შესაბამისად, მისი მათემატიკური მხარე კვლავაც შესწავლის ობიექტია.
უინფრედ იუს აზრით, მთავარია შორთ დექმა ჩინეთში ოფიციალური ლიცენზიის მიღება შეძლოს, რაც აზიაში პოკერის ახალ ბუმს გამოიწვევს. შორთ დექის სახეობა სამხრეთ კორეაში, ფილიპინებში და მანილაშია მიღებული. Triton Series-ის ონლაინ ტრანსლაციას, სადაც შორთ დექის ტურნირებს აქტიურად აშუქებენ, ჩინეთში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. როგორც იუ ამბობს, მაკაუში მიმდინარე მოვლენები, ჰაი სტეიკს თამაშები და აზიაში დაწებული შორთ დექის ტალღა, ჩინურ პოკერს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს.