კევინ როსტერი სიცოცხლის უკანასკნელი თვის გატარებას WSOP-ზე გეგმავს
2017 წელს, ნიუ ჯერსის მკვიდრს, მოყვარულ მოთამაშეს, კევინ როსტერს სიმსივნის განსაკუთრებულად მძიმე ფორმა - სარკომა დაუდგინეს. 2019 წლის მაისში, მეტასტაზების გავრცელების აღსაკვეთად, ექიმებმა ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტეს. როსტერმა ქიმიოთერაპიის კურსიც გაიარა, მაგრამ უშედეგოდ. "ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ერთ საათზე მეტი ნამდვილად მქონდა დარჩენილი, - ყვება პოკერის მოყვარული, - მაგრამ ნამდვილად გაკვირვებული იქნებოდა, თუ 2 თვეზე მეტს ვიცოცხლებდი."
კევინ როსტერს გადაწყვეტილი აქვს, სიცოცხლის ბოლო თვე თავის საყვარელ საქმეს - პოკერის თამაშს დაუთმოს და "სიმსივნეს საუკეთესო დღეები გამოსტყუოს". ნიუ ჯერსი რიგით მე-8 შტატი იყო, სადაც ე.წ. Death with Dignity-ის ლეგალიზება მოახდინეს. ეს ექიმების დახმარებით, ნებაყოფლობითი სიკვდილია, როცა პაციენტს გამოუვალი მდგომარეობა აქვს და არ სურს ტკივილისგან დაიტანჯოს. ამ კანონის ამოქმედება ნიუ ჯერსიში აგვისტოსთვის იგეგმება, მაგრამ როსტერს აგვისტომდე დრო არ აქვს. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების მიღება არ გაჭირვებია: "როცა ჩემი მდგომარეობის შესახებ მითხრეს, იმ მომენტიდან ვიცოდი, რაც მინდოდა. იმედი მაქვს, რომ სერიების ბოლომდე ცოცხალი ვიქნები. ვერავინ შეძლებს ზუსტი დროის თქმას. სიმსივნე ზევით, ფილტვებისგენ და გულისკენ მოძრაობს. ახლა მხოლოდ სუნთქვა მიჭირს, სხვა არაფერი."
როცა მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება, ექიმები მას უმტკივნეულო სიკვდილში დაეხმარებიან. "მე შემეძლო, სახლში დავრჩენილიყავი და ცხოვრებაზე მეტირა, მაგრამ სხვა გზა ავირჩიე. თანაც, თამაში გაცილებით ადვილია. როცა ცხოვრებაში ასეთი რთული მომენტი გიდგას, როცა იცი, რომ სულ ცოტა გაქვს დარჩენილი, ასეთ დროს ბედ ბითის მიღება სულაც არ გაყენებს ცუდ ხასიათზე."
გარდა იმისა, რომ თავის საყვარელი საქმით ერთობა, როსტერს ლას ვეგასში სხვა მიზანიც აქვს: "ვცდილობ, ადამიანებს ბევრი ველაპარაკო, სარკომაზე ინფორმაცია მივაწოდო და ამ დაავადების შესახებ ცნობადობა ავამაღლო."