WSOP Main Event-ის ჩემპიონი ჰოსეინ ენსანი გახდა
მისი მაისური ირანის და გერმანიის დროშის ფერებით იყო გაწყობილი. ფინალური მაგიდის მსვლელობისას მისი გულშემატკივრების არმიას წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება, მაგრამ ჰოსეინ ენსანს სხვების გამხნევება და მხარდაჭერა აღარ ესაჭიროებოდა - WSOP-ის ისტორიაში მეინ ივენთის ფინალური მაგიდის ასეთი დომინაცია არავის უნახავს. უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში, ირანული წარმოშობის გერმანელი მოთამაშე ტურნირზე არსებული ჩიპების 63%-ს აკონტროლებდა.
ბოლო მომენტისთვის, ენსანის გამარჯვებას გარკვეული საფრთხე დაემუქრა, მაგრამ მომავალმა ჩემპიონმა საქმის ბოლომდე მიყვანა და ისტორიული, 50-ე მეინ ივენთის მოგება შეძლო.
8.569 მოთამაშიდან გადარჩენილმა ენსანმა სამეულში დარჩენილი ალექს ლივინგსტონი და დარიო სამარტინო თავადვე გამოთიშა ტურნირს და $10.000.000 დოლარიან ჯილდოს დაეპატრონა: "საუკეთესო შეგრძნებაა, რაც კი აქამდე გამომიცდია."
მიუხედავად იმისა, რომ ჰოსეინ ენსანს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს, რომელიც EPT-ის ტიტულსა და კარიერაში გამომუშავებულ $2.6 მილიონ დოლარს მოიცავს, მაყურებლების უმეტესობა ფინალური მაგიდის ფავორიტად დარიო სამარტინოს თვლიდა.
ალექს ლივინგსტონის გზიდან ჩამოშორების შემდეგ, ჰოსეინ ენსანი დარიო სამარტინოს დიდ დარიგებაში დაუპირისპირდა. იტალიელმა 3 აუტერის დასრულება შეძლო და გერმანელს მნიშვნელოვანი ბანკი მოუგო. სამარტინოს გულშემატკივრების იმედი კიდევ უფრო გაიზარდა და პირიქით - ენსანის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.
შემდეგი 100 დარიგების განმავლობაში, ენსანმა მძიმე სამუშაო შეასრულა და სამარტინოს სტეკი 40 ბიგ ბლაინდამდე შეამცირა. სამარტინომ თამაშის დამშვიდება სცადა და აგრესიული რეიზები ლიმპინგით ჩაანაცვლა. თუმცა, დიდი დარიგებები მაინც ენსანის მხარეს მიდიოდა. "პოკერში ის დიდი სახელია, - ამბობდა ენსანი სამარტინოზე, - მაგრამ როცა სტეკი არ გყოფნის, მაშინ კარტების დახმარება გჭირდება."
საბოლოოდ, თერნზე გაკეთებული ჩექ-რეიზის შემდეგ, დროინგ ჰენდით დარჩენილი იტალიელი მოთამაშე KK-ის პირისპირ აღმოჩნდა. რივერზე დადებული ცარიელი კარტით, მსოფლიო ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილი იყო: ჰოსეინ ენსანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.