კაზინო "ბორგატამ" ფილ აივის მოგებების დაყადაღება დაიწყო
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როცა ფილ აივიმ და მისმა კომპანიონმა ატლანტიკ სიტიში მდებარე კაზინო Borgata-ში $10.000.000 დოლარი მოიგეს. მოთამაშეებს არც დაუმალავთ, რომ ისინი ე.წ. edge sorting-ის ტექნიკას იყენებდნენ, რაც ბანქოს გარეკანზე დატანებული ხარვეზებით გარკვეულ ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. ამან კი, რა თქმა უნდა, აივისა და მისი კომპანიონის მოგების შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.
მომდევნო წლებში, ლონდონური Crockfords და ამერიკული Borgata ფილ აივისთან სასამართლო დავებს აწარმოებდნენ. Crockfords-მა საქმე მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის აივის მოგებულ თანხას არ გადაუხდიდა. Borgata კი სხვანაირად მოიქცა: კაზინო იძულებული იყო აივისთვის მოგებული თანხა გადაეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ, თაღლითობის ბრალდებით სასამართლოსთვის მიემართა.
რამდენიმე თვის წინ, Borgata-ს საქმეზე, მოსამართლემ აივის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კაზინოს ადვოკატმა ფილ აივის ქონებისა და მოგებების დაყადაღება მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, აივი ამ მომენტში ლას ვეგასში არანაირ ქონებას არ ფლობს, ყადაღა კი სწორედ ვეგასის შტატში არსებულ ქონებასა და კაპიტალს შეეხებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი, ადვოკატმა WSOP-ის ვიცე პრეზიდენტს - ჯეკ ეფელს მიმართა: "სასამართლოს განჩინებით, ყადაღა ედება ფილ აივის ნებისმიერი სახის ფინანსურ შემოსავალს, რომელიც მან უნდა მიიღოს Caesars Casino-გან, Rio-გან ან WSOP-გან. ყადაღა ედება მის მოგებასაც WSOP-ის 58-ე ივენთზე. გთხოვთ, დაადასტუროთ, რომ Caesars/Rio/WSOP არ დაარღვევს სასამართლოს განჩინებას და არ გადაუხდის ფილ აივის მოგებულ თანხას."
ამ კვირაში დადასტურდა, რომ აივის მიერ მოგებული $124.410 დოლარი სასამართლოს აღმასრულებლების კონტროლის ქვეშაა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფილ აივი კიდევ უფრო მოშორდება ამერიკულ პოკერს. ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ის რომელიმე ვეგასურ თამაშზე გამოჩნდეს - მით უმეტეს, რომ აივიმ კარგა ხანია მაკაუს ქეშ-გეიმებს გაუგო გემო.