მოყვარული მოთამაშე მაიკ პოსტელი თაღლითობაში დაადანაშაულეს
"შეუძლებელია, მაიკ პოსტელმა იცოდეს, რომ აქ ქოლი უნდა გაკეთდეს!"
"ბოლო თვენახევრის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეს სრული სიგიჟეა!"
"როგორ უნდა ეთამაშო მაიკ პოსტელს? უბრალოდ, არ უნდა ეთამაშო მას!"
ამ და სხვა მსგავს ფრაზებს უხვად მოისმენდით კომენტატორებისგან, რომლებიც Stones Gambling Hall-ის ქეშ-გეიმს უძღვებოდნენ. კომპლიმენტებთან ერთად, ამერიკელ მოყვარულ მოთამაშეს მძიმე განცხადებების მოსმენაც მოუხდა.
Stones Gambling Hall ხშირად ატარებს საშუალო სტეიკის ქეშ-გეიმებს, რომელთა ლიმიტები $1/$3-სა და $5/$5-ს შორის მერყეობს. მაიკ პოსტელი ამ თამაშების ხშირი სტუმარია. მისი თამაშის უცნაურმა მანერამ, ზედმეტად ზუსტმა ქოლებმა და წარმოუდგენელმა ფოლდებმა პოკერის საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.
ვიდეო ბლოგერმა და მოთამაშემ - ჯოი ინგრამმა მის თამაშს 4 საათიანი ვიდეო მიუძღვნა, სადაც პოსტელის თამაშში აშკარა "უცნაური სვლები" განიხილა. სკოტ სივერმა კი პირდაპირ დაწერა: "ჯანდაბა! ვინც ვერ იაზრებს თაღლითობის დონეს, აშკარად არ ესმის პოკერი და ვურჩევ, თამაში დროულად შეცვალოს."
"ვისაც მე ვუყურებ, ან დროში მოგზაური ჯადოქარია, ან თაღლითი, ან პოკერის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე, - წერს 'ტვიტერზე' ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმერი, ჰარალაბოს ვოლგარისი, - საუკეთესო მოთამაშე, რომელიც $1/$3 ლიმიტს ვერ გაცდა."
მაიკ პოსტელის დარიგებები, რომლებსაც მოთამაშეებმა ყურადღება მიაქციეს მართლაც საეჭვოდ გამოიყურება: მაგალითად, 64KAA ბორდზე, მოწინააღმდეგის დაუსრულებელი ფლეშ დროს შემდეგ, პოსტელმა 96-ით გააკეთა ქოლი. მან ზუსტად იცის, როდის აქვს უპირატესობა სუსტი კარტით ორი ოპონენტის წინააღმდეგ, რომლებსაც ერთნაირი კარტები ჰყავთ.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაიკ პოსტელმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 16 წლის განმავლობაში ის მომგებიანი მოთამაშე იყო და რომ მის გამარჯვებაში არაფერია უცნაური. ის ამ ყველაფერს "ზუსტ ინსტინქტებს" აბრალებს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა მეთოდს იყენებდა მაიკ პოსტელი ოპონენტების კარტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რეალურად გვაქვს თუ არა საქმე თაღლითობასთან. მიუხედავად ამისა, Stones Gambling Hall-მა ქეშ-გეიმები შეწყვიტა, რათა გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც უფრო მეტ უცნაურობას სძენს ამ ისტორიას, ისაა, რომ მაიკ პოსტელმა და მისმა ერთ-ერთმა აქტიურმა გულშემატკივარმა 'ტვიტერის' ექაუნთები წაშალეს.