ბრინ კენის არასწორ ბანკროლ მენეჯმენტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
რამდენიმე თვის წინ, Triton Super High Roller-ზე ბრინ კენიმ პოკერის ისტორიაში საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურება - $20.000.000 დოლარი მიიღო. ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების ლიდერბორდს თუ გადახედავთ, კენი პირველ ადგილს იკავებს. ის პირველი მოთამაშეა, ვისმა დეკლარირებულმა საერთო შემოსავალმაც $50.000.000 დოლარს გადააჭარბა.
ცოტა ხნის წინ, ბრინ კენის ჯო ინგრამმა საკუთარ შოუში უმასპინძლა. როგორც მან თქვა, წლის დასაწყისში ის $3.5 მილიონ დოლარს აგებდა, ახლა კი წლის პირველ ნორმად დამთავრება გარანტირებული ჰქონდა. პოდკასტის მსვლელობისას, კენის მიერ გაჟღერებულმა ერთმა ფრაზამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი ნათქვამის მიხედვით, Triton Super High Roller-ის ბაი-ინის ნახევარი სპონსორებმა გადაუხადეს, მაგრამ თავად საკუთარი ბანკროლის თითქმის ნახევარი ჩადო. გარდა ამისა, მას საკუთარ ქონებაზე გაცილებით დიდი სანაძლეოები ჰქონდა დადებული. "Don't try this at home" - ხუმრობით თქვა კენიმ საკუთარ საქციელზე.
კენის საქციელი მკაცრად გააკრიტიკა შონ დიბმა: "ამ ვიდეოს ყურება მხოლოდ წუხილს იწვევს. მისი ნათქვამი, რომ ბანკროლის ნახევარი ბაი-ინში გადაიხადა, საშიშია. თუ ის თამაშს წააგებდა, მისი საიდ ბეთები და სანაძლეოები, რომლებიც მის ქონებაზე მეტი იყო, გადაუხდელი დარჩებოდა."
შონ დიბის კომენტარს მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა სხვა მოთამაშეებისგან. "ბრინ კენის დიდი ხანია ვიცნობ, - წერს 'ტვიტერზე' ჯეისონ კუნი, - პოდკასტში ბევრი მომენტი იყო, რაშიც მას არ ვეთანხმები. მისი ბანკროლ მენეჯმენტის მიყოლას არავის ვურჩევდი. მაგრამ საკუთარ ვალებს და წაგებულ ფულს ის ყოველთვის ღირსეულად ეპყრობოდა."
"როგორ შეიძლება სახალხოდ ასეთი რამის დაბრალება? - ამბობს ადრიან მატეოსი, - ბრინ კენი გემბლერია და ეს აშკარაა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ის პოკერშია და უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობს. ვფიქრობ, რომ ეს კომენტარი ყოველგვარ ზღვარს ცდება."
"ასეთი ბრალდება ზღვარსგადაცდენილია, - პასუხობს შონ დიბს დევიდ პიტერსი, - ბრინ კენი ცუდ სიტუაციაში ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ საკუთარი ვალის ფასი ყოველთვის იცოდა. სხვების ხარჯზე მას ფრიროლი არასდროს უთამაშია."