WSOP-ის წლის მოთამაშის რბოლაში დენიელ ნეგრანუ დაწინაურდა
2019 წლის WSOPE-ზე უკვე 10 ოქროს სამაჯური გათამაშდა. გუშინ კი სტარტი €10.350 ევროიანმა Main Event-მა აიღო. გარდა იმისა, რომ პოკერის მსოფლიო სერიების ევროპულ ტურნეზე ინდუსტრიის ვარსკვლავები იყრიან თავს და მილიონობით ევრო გაიცემა, გულშემატკივრებს ღონისძიებით დაინტერესების კიდევ ერთი მიზეზი აქვთ: WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტული.
როზვადოვში სერიების დაწყების მომენტისთვის, WSOP-ის წლის მოთამაშის რბოლაში რობერტ კემპბელი ლიდერობდა, რომელმაც ჯერ კიდევ ლას ვეგასში მოახერხა 2 ოქროს სამაჯურის მოგება. ის პოზიციის შენარჩუნებას WSOPE-ის პირველ დღეებში ახერხებდა, შემდეგ კი ადგილი შონ დიბს დაუთმო, რომელმაც ევროპულ სერიებზე 2 საპრიზო ადგილის დაკავება შეძლო.
PokerStars-ის ყოფილი სახე და, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი მოთამაშე, დენიელ ნეგრანუ შონ დიბსა და რობერტ კემპბელს ფეხდაფეხ მისდევდა. თუმცა, €25.000 ევროიანი ტურნირის მე-6 ადგილის შემდეგ, მან ლიდერბორდის სათავეში გადაინაცვლა. ნეგრანუ ორჯერ უკვე გახდა WSOP-ის წლის მოთამაშე, 2004 და 2013 წლებში.
ზემოთჩამოთვლილი მოთამაშეების გარდა, წლევანდელ ტოპ ათეულში ანტონი ზინო, ფილ ჰელმუტი და კრის ფერგიუსონიც შედიან. 24 ოქტომბერს, ფილ ჰელმუტს სულ ცოტა დააკლდა მე-16 სამაჯურის მოგებამდე: €25.000 ევროიანი ტურნირის ჰედს-აპში ბესიმ ჰოტთან დამარცხდა.