WSOP-ის 2019 წლის მოთამაშე დენიელ ნეგრანუ გახდა
გუშინ WSOPE Colossus-ის უკანასკნელი დღე გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ბერტრან Elky გროსპელიე გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €190.375 ევრო მიიღო. ფრანგი მოთამაშის გამარჯვების გარდა, გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: შონ დიბი მე-11 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. მას სულ მცირე მე-5 ადგილი სჭირდებოდა, რათა WSOP-ის წლის მოთამაშე გამხდარიყო.
ტურნირიდან შონ დიბის ადრეული გამოვარდნა იმას ნიშნავდა, რომ დენიელ ნეგრანუს გასწრებას ვეღარავინ შეძლებდა. 2004 და 2013 წლების შემდეგ, ის 2019 წლის მოთამაშე კიდევ ერთხელ გახდა. 2004 წელს მან ოქროს სამაჯური მოიგო და 5 ტურნირის ფინალურ მაგიდაზე ითამაშა, რაც $346.280 დოლარიან შემოსავალზე აისახა. 2013 წელს კი 2 ოქროს სამაჯური მოიგო, 4 ფინალურ მაგიდაზე ითამაშა და 10-ჯერ გავიდა საპრიზო ადგილზე. მისმა მაშინდელმა მოგებამ $2.414.304 დოლარი შეადგინა.
სამწუხაროდ, წელს დენიელ ნეგრანუმ ოქროს სამაჯურის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ ის 24-ჯერ საპრიზო ადგილზე და 5-ჯერ ფინალურ მაგიდაზე მოხვდა, საიდანაც 2 ფინალური ჰედს-აპი ითამაშა. საერთო ჯამში, კანადელმა მოთამაშემ წლევანდელ WSOP/WSOPE-ზე $2.207.489 დოლარი მოაგროვა.
მიუხედავად გამარჯვებისა, დენიელ ნეგრანუ WSOP Player Of the Year-ის ქულების სისტემას ხშირად აკრიტიკებს. "მეკითხებიან ხოლმე, ვიქნები თუ არა ამაყი ტიტულის მოგების შემთხვევაში? - ყვება თავის ვიდეო-ბლოგში კანადელი მოთამაშე, - აბა როგორ მოვიქცე? შემრცხვეს? მე იმას ვაკეთებ, რასაც ყველა. ქულების სისტემას არ ვეთანხმები და აშკარად გადასახედია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ეს გვაქვს და იმ პრინციპით ვთამაშობ, რაზეც ყველა ვართ შეთანხმებულები."