Aussie Millions-ის მასპინძელმა კაზინომ ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად $5.000.000 გაიღო
ავსტრალიაში გაჩენილმა ხანძარმა მთელი მსოფლიო დაამწუხრა. დედამიწის სხვადასხვა წერტილში სპეციალური საქველმოქმედო ფონდები შეიქმნა, რომლებიც ავსტრალიის ეკოსისტემის გადარჩენას ცდილობენ. 2020 წლის Aussie Millions-ის დაწყებამდე, ასეთ ქველმოქმედებაში ჩართვა ავსტრალიური პოკერის ფესტივალის მასპინძელმა კაზინომაც გადაწყვიტა. Crown Resort-მა სხვადასხვა მეთოდებით სცადა ფულის მოგროვება, რათა ხანძართან მებრძოლ ჯგუფებს დახმარებოდა.
გარდა ფინანსური დახმარებისა, Crown Resort-მა საკუთარი სასტუმროს 200-მდე ნომერი დაუთმო იმ ადამიანებს, ვისაც ხანძრის გამო ევაკუაცია მოუხდა. კაზინოს დირექტორის, ჯეიმს პეკერის თქმით, ავსტრალიელები ყველაფერს აკეთებენ, რათა ერთმანეთს დაეხმარონ: "ჩემს ოჯახსა და კაზინოს თანამშრომლებს უნდათ, რომ კიდევ უფრო ჩავერთოთ ხანძართან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, საუკეთესო დახმარება ფინანსური იქნებოდა. ვცდილობთ, რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მეხანძრეებისა და იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც სახლ-კარი დაკარგა."
პეკერების ოჯახის საქველმოქმედო ფონდმა, ნოემბერში, ავსტრალიურ სახანძრო დანაყოფს A$1 მილიონი ავსტრალიური დოლარი შესწირა, რაც $695.000 დოლარის ექვივალენტია. ახლა კი, ფონდმა დამატებით $5 მილიონი დოლარი გამოყო. ჯეიმს პეკერის განცხადებით, კაზინოში გაყიდული წყლის გარკვეული პროცენტიც ხანძრებთან დაკავშირებულ ფონდებში გადაირიცხება.