ლას ვეგასის მერი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდა
ამერიკული გამოცემები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ მოხვდება პანდემიის ეპოქის ანტიგმირებს შორის. ასეთ ადგილს, მრავალი ჟურნალისტის აზრით, დონალდ ტრამპი იმსახურებს. თუმცა, სიას კიდევ ერთი კანდიდატი დაემატა: ლას ვეგასის მერი, კაროლინ გუდმანსი. 5 კვირის წინ, ნევადის შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა შტატის მასშტაბით მკაცრი იზოლაცია გამოაცხადა, რაც ლას ვეგასსაც შეეხო.
რამდენიმე დღის წინ, გუდმანსი CNN-ის წამყვანთან, ანდერსონ კუპერთან შევიდა დებატებში: "მე ყველაფრის დაბრუნება მინდა. ჩვენ არ დაგვიხურავს შეერთებული შტატები, ჩვენ არ დაგვიხურავს ლას ვეგასი! ეს მსოფლიო გართობის დედაქალაქია, სადაც ყველაფერი სუფთაა."
მას შემდეგ, რაც კუპერმა ლას ვეგასის მერს გრაფიკული ანიმაცია აჩვენა, თუ რა პრინციპით ვრცელდებოდა ვირუსი ჩინურ რესტორნებში, გუდმანმა უპასუხა: "ეს ჩინეთი არაა, ეს ლას ვეგასია!"
ლას ვეგასის მკვიდრმა და ამერიკული ღამის შოუს წამყვანმა, ჯიმი კიმელმა თანაქალაქელებს მიმართა: "ძვირფასო ვეგასელებო, როგორც ჩანს, ჩვენი მერი შეცდომაშია შეყვანილი და, თანაც, ძალიან სახიფათოდ. დღევანდელი პოლიტიკოსების განცხადებები დიდი ხანია, რაც აღარ მაკვირვებს, მაგრამ მისი გუდმანსის ინტერვიუ სრული სიგიჟეა."
რაც მთავარია, კაროლინ გუდმანსი ინიციატივით გამოვიდა, რომ ლას ვეგასის მოსახლეობა ერთგვარ საცდელ ჯგუფად გამოეყენებინათ: "ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დახურული დაწესებულებები და ვნახოთ, რეალურად როგორ დაიცავს ხალხი სოციალურ დისტანციას, ან რა გავლენა ექნება ამას ვირუსით ინფიცირების სიხშირეზე."
"სანამ ლას ვეგასის მერი ამ ინტერვიუს აძლევდა, ჩვენ, შტატის მასშტაბით 4.100 ახალი შემთხვევა და 187 გარდაცვალების ფაქტი დაგვიდასტურდა" - თქვა ნევადის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა.