ლას ვეგასის კაზინოებში მოთამაშეების დასაშვები რაოდენობა მცირდება
ადრე თუ გვიან, როცა პანდემიის ტალღა გადაივლის, ბიზნესი თავის ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. გამონაკლისი, არც ნევადის შტატში მდებარე კაზინოები იქნებიან. ახალი რეგულაციების მიხედვით, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ლას ვეგასის კაზინოებში 4-მაქს მაგიდები ახალ სტანდარტად გადაიქცევა და ძველ, Full Ring მაგიდებს ჩაანაცვლებს, რომლებზეც 8-9 მოთამაშე იყო დაშვებული.
პირველი ასეთი 'ექსპერიმენტი' Silver State Casino-ში ამოქმედდება, რომელიც ნევადის შტატის სათამაშო კონტროლის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, სათამაშო მაგიდაზე 4 მოთამაშეზე მეტს არ დაუშვებს. ამ რეგულაციის თანახმად, პოკერისა და რულეტის მაგიდებთან 4 მოთამაშისთვის განკუთვნილი სკამი იქნება განთავსებული, ქრეფსის მაგიდასთან 6 მოთამაშე შეძლებს დაჯდომას, ხოლო ბლექ ჯექის მაგიდებზე ვიზიტორების რაოდენობა 3-მდე შემცირდება.
რა თქმა უნდა, პოკერის მაგიდასთან მოთამაშეების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თამაშის დინამიკას, მოთამაშის მიერ მიღებულ სტრატეგიას, თამაშის სტილს, პოკერის მათემატიკას და ა.შ. ასე რომ, თამაშში ჩართული მონაწილეების რიცხვი პირდაპირ გავლენას იქონიებს კაზინოების მომხმარებლების ქცევაზე. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს არ სურთ აქტიურ თამაშში მონაწილეობა და ბევრად ურჩევნიათ, ხალხმრავალ მაგიდაზე ჯდომა, რაც უფასოდ მეტი კარტის ნახვის შესაძლებლობას იძლევა. რა თქმა უნდა, 4-მაქს მაგიდების პირობებში წარმოუდგენელია მასშტაბური ტურნირების ჩატარებაც.
ასევე, კაზინოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სლოტებთან და ტოტალიზატორების ოთახებში მყოფი ადამიანების რაოდენობას. სლოტ-მანქანებთან სკამების რაოდენობა მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. პარალელურად, შეზღუდვები გრძელდება სხვა აქტივობებზე: კაზინოებში განთავსებული ყველა ღამის კლუბი კვლავ დახურული იქნება. რა თქმა უნდა, კაზინოს თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს ევალება უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების მაქსიმალურად დაცვა, რაც გულისხმობს სამედიცინო ნიღბების ტარებას, მომხმარებლებისთვის შეთავაზებას და სადეზინფექციო ხსნარების ხელმისაწვდომობას.