WSOP Circuit Online ბრაზილიელებმა დაიპყრეს
ზაფხულის მოახლოებასთან და კაზინოებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ინტერნეტ პოკერი სულ უფრო ცოცხლდება. GGNetwork-ის ქსელში $100.000.000 დოლარიანი სერია მიმდინარეობს, რომელიც ათასობით მოთამაშეს იზიდავს. მათ შორის არიან პოკერ-რუმის ამბასადორები - ბერტრან Elky გროსპელიე და ფელიპე რამოსი. ორივე მათგანმა ფულში შესვლა მოახერხა, მაგრამ მოწინავე ადგილების დაკავება ვერ შეძლეს.
სანამ პანდემიის გამო ლაივ ტურნირები ინტერნეტში იმართება, დრო ბრაზილიელებმა იხელთეს და $1.000.000 WSOP Circuit Online შტურმით აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გარანტირებული საპრიზო ფონდი მილიონ დოლარს შეადგენდა, მოთამაშეების მოჭარბებული რაოდენობის გამო, ის $3.465.125 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფინალური მაგიდის მონაწილეებს საკუთარი ბაი-ინის მინიმუმ 25-ჯერ მეტი შეხვდებოდათ.
რაც შეეხება 9 ფინალისტს - 4 მათგანი ბრაზილიელი იყო. მაგრამ რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ის იყო, რომ სამმა მათგანმა პირველი პოზიციები და საპრიზო ფონდის ლომის წილი გადაინაწილეს. შეთანხმების საფუძველზე, მოთამაშეებმა გარკვეული თანხა არსებული ჩიპქაუნთით გაიყვეს, ხოლო სათამაშოდ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დატოვეს. პირველ ადგილზე გასულ როდრიგო სეიჟის $330.411 დოლარი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორეზე გავიდა, ვინიციუს სტივსმა $338.315 დოლარი წაიღო. ყველაზე დიდი მოგება კი მესამეადგილოსანმა პედრო პადილამ ნახა, რომელმაც $362.695 მოიგო.