დენიელ ქეითსმა ბილ პერკინსის ბრალდება აღიარა
რამდენიმე დღის წინ, ბილ პერკინსმა პოკერის დიდი სკანდალი დააანონსა. როგორც მოყვარული მოთამაშე და მულტიმილიონერი ბიზნესმენი ყვებოდა, ერთ-ერთ პოკერ-რუმზე, მოყვარული მოთამაშეების სახელებს ცნობილი, პროფესიონალი ჰაი როლერები იყვნენ ამოფარებულები.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთ პატარა ონლაინ პოკერ-რუმის პლატფორმა Ocean Fun-ზე, პრივატულ ქეშ-გეიმში დიდი სახელები იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთი 'დაზარალებული' დენ ბილზერიანი იყო. გაურკვეველია, რატომ ითვლება ბილზერიანი მსხვერპლად, რადგან ის წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ პროფესიონალ გემბლერებთან მილიონობით დოლარი ჰქონდა მოგებული და მათ წინააღმდეგ თამაშში პრობლემას ვერ ხედავდა.
პერკინსის და ბილზერიანის განცხადებებს ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი, დენიელ ქეითსი გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ის მსგავს თამაშებში მონაწილეობდა, თუმცა, თავს დამნაშავედ არ თვლის: "მინდა, დენ ბილზერიანის წაშლილ 'ტვიტს' გამოვეხმაურო. ამ დრომდე, სამართლებრივი და ფინანსური მიზეზების გამო, კომენტარისგან თავს ვიკავებდი. მე თამაში 8 მაისს დავიწყე და არც ისე ბევრი სესია ჩავატარე, თუმცა, არცერთ მათგანში დენ ბილზერიანს მონაწილეობა არ მიუღია."
მართალია, დენ ბილზერიანთან დაკავშირებით ქეითსი პრობლემას ვერ ხედავს, მან ბოდიში მოუხადა ბილ პერკინსს: "პერკინსის წინააღმდეგ რამდენიმე სესია გამომივიდა. ვფიქრობდი, რომ მსგავს ქმედებაში პრობლემა არ იყო, რადგან ამ საიტზე ფარული ნიკებით თამაში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგაც ვთამაშობდით და, სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებაში ბილ პერკინსიც მოჰყვა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. არ მგონია, რომ ჩემს პერსონსაზე ხაზგასმა სამართლიანი იყოს, რადგან მსგავს თამაშებში უამრავი პროფესიონალი მოთამაშე იყო ჩართული. ასევე, ვიაზრებ იმასაც, რომ მე ცნობილი მოთამაშე ვარ, რომელიც რიგითი, დამწყები და მოყვარული გემბლერისგან განსხვავებით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ვიცი, რომ პოკერის მოყვარულები, ხშირად, მისაბაძ ადამიანად აღმიქვამენ. ამიტომაც, ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო. ვეცდები, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს."