GGPoker-ის შეცდომის გამო დენიელ ნეგრანუმ ბოდიში მოიხადა
როგორც იცით, წლევანდელი WSOP, პანდემიის გამო, ინტერნეტ სივრცეში იმართება. მას ორი მასპინძელი ჰყავს: თავად WSOP-ის საიტი და ონლაინ პოკერის ახალი პლატფორმა - GGPoker. WSOP-ზე თამაშები დასრულდა და ახლა მსოფლიო სერიამ GGPoker-ზე გადაინაცვლა. თამაშის პირველივე დღეს კი, საიტმა, როგორც ჩვენთან ამბობენ, 'გაჭედა'. შედეგად, 2020 წლის WSOP-ის 32-ე და 33-ე ივენთები ერთი კვირით გადავადდა.
რა გახდა შეფერხების მიზეზი? როგორც GGPoker-ის წარმომადგენლები ამბობენ, პლატფორმამ ტრაფიკს ვერ გაუძლო. პრობლემა კი იმაშია, რომ საიტის წარმომადგენლები კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან თავს იკავებენ. მათი განმარტებით, დაფიქსირებული აქტივობა და მოთამაშეების რაოდენობა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი და პროგნოზი არსებობდა.
დენიელ დვორესი და სხვა მოთამაშეები კი ამბობენ, რომ მსგავსი მიზეზი აბსურდულია: მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტურნირისთვის, რომლის ლაივ ვერსიასაც კი ათასობით მონაწილე ესწრებოდა, ნებისმიერი საიტი მომზადებული შეხვდებოდა. როგორც მოთამაშეები ვარაუდობენ, საიტი ჰაკერების სამიზნე გახდა, რისი გახმაურებაც კომპანიის წარმომადგენლებს არ სურთ, რადგან მოთამაშეებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები არ გაუჩნდეთ.
დენიელ ნეგრანუმ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა GGPoker-ის წარმომადგენელი, კომპანიის სახელით ბოდიში მოიხადა და საკომპენსაციო აქცია დააანონსა. შედეგად, ნეგრანუს მიმართ გამოთქმული კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა: სულ რაღაც ერთი კვირის წინ, WSOP-ის რამდენიმეწუთიანი შეფერხების გამო, დენიელ ნეგრანუ პირდაპირ ეთერში წყობიდან გამოვიდა და საიტის წარმომადგენლები, რბილად რომ ვთქვათ, სპეციფიური სიტყვეიბთ შეამკო.