2009 წლის WSOP-ის ვიცე-ჩემპიონი, დარვინ მუნი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის WSOP Main Event-ის მეორეადგილოსანი, დარვინ მუნი 56 წლის ასაკში, მძიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც მისი მეგობარი, ტოდ ანდერსონი ამბობს, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, დარვინ მუნს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებული იყო და ვიცე-ჩემპიონიც თავს კარგად გრძნობდა. სამწუხაროდ, მას თრომბი წარმოექმნა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ამერიკის ჰემატოლოგიის ასოციაცია იუწყება, თრომბი და სისხლის შედედება ოპერაციის თანმდევი შედეგია და, 900.000 ასეთი შემთხვევიდან, წელიწადში მისგან 100.000-მდე ადამიანი იღუპება.
რაც შეეხება დარვინ მუნის სათამაშო კარიერას: 2009 წლამდე მის ანგარიშზე ერთი სატურნირო მოგებაც კი არ ფიქსირდებოდა. მან სახელი 2009 წლის WSOP Main Event-ზე გაითქვა. 'ნოემბრის ცხრიანზე' - ტურნირის ფინალურ მაგიდაზე, ის თამაშში არსებული ჩიპების თითქმის ნახევარს აკონტროლებდა, რაც მაშინვე მოექცა რეპორტიორებისა და მაყურებლების ყურადღების ცენტრში.
მანამდე, დარვინ მუნმა ლეგენდარული ფილ აივი გამოთიშა თამაშს, როცა მის AK-ს AQ-ით მოუგო და პოკერის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ ანტიგმირად იქცა. თუმცა, გამორჩეულად რბილი ხასიათის გამო, მერილენდელი ფერმერი პოკერის საზოგადოებამ მალევე შეიყვარა.
ფინალურ ჰედს-აპში, დარვინ მუნი მომავალ ჩემპიონს, ჯო კადას შეხვდა. სამსაათიანი თამაშის შემდეგ, მუნმა სემიბლეფის გაკეთება სცადა, მაგრამ კადამ ხელი არ დათმო. გადამწყვეტ დარიგებაში კი, მოთამაშეებმა არსებული ჩიპების 80% მაგიდის ცენტრში მოაქციეს და კლასიკური კოინფლიპი - AQ vs 99 ითამაშეს. ახლა ყველამ იცის, რომ ჯო კადა 2009 წლის პოკერის ჩემპიონია, მაგრამ მაშინდელი ფინალური მაგიდის მღელვარება და აჟიოტაჟი მხოლოდ მაყურებლებს თუ ემახსოვრებათ. იმ დღეს, დარვინ მუნმა $5.1 მილიონი დოლარი მოიგო და WSOP-ის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი.