Negreanu VS Polk: 1000 დარიგება და პოლკის $268.000 დოლარიანი უპირატესობა
ჯერჯერობით, დენიელ ნეგრანუსა და დაგ პოლკს შორის ჰედს-აპ დუელის 3 სესიაა ჩატარებული. 25.000 დარიგებიდან წყვილმა 1.000 ითამაშა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფავორიტი უკვე გამოკვეთილია.
როგორც ვარაუდობდნენ, ტეხასური ულიმიტო ჰოლდემი, თანაც - ჰედს-აპი, დაგ პოლკის თამაში იყო. პირველი სესიის დროს, პოკერის გულშემატკივრებისა და ექსპერტების ვარაუდი არ გამართლდა, რამდენადაც თამაშის გამარჯვებული დენიელ ნეგრანუ გახდა, რომელმაც $117.000 დოლარის პლუსი აჩვენა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თამაში რეალურ მაგიდასთან მიმდინარეობდა, რაც ნეგრანუს გარკვეულ უპირატესობას აძლევდა - როგორც წესი, ის ლაივ მოთამაშედ ითვლება.
მას შემდეგ, რაც წყვილმა ონლაინ მაგიდასთან გადაინაცვლა, თამაშის სადავეები დაგ პოლკმა აიღო. მე-2 და მე-3 სესიაზე პოლკმა ჯერ წაგებული ფული ამოიღო, ხოლო შემდეგ დამატებით $268.000 დოლარი მოიგო. რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცეში თამაში ბევრად სწრაფად მიმდინარეობდა, თანაც 2 მაგიდაზე, რაც პოლკისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჰედს-აპ დუელი წყვილს შორის არსებული უთანხმოებისა და დაპირისპირების გაგრძელებაა და არა უშუალოდ პოკერთან დაკავშირებული შეჯიბრი. აღიარებისა და პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის მიუხედავად, დენიელ ნეგრანუ არ ითვლება ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშედ. წარსულში, მან რამდენიმე ეპოქალური თამაში დათმო დიდ სახელებთან, როგორიც, მაგალითად, ვიქტორ Isildur1 ბლომი იყო. რაც შეეხება დაგ პოლკს: რამდენიმე წლის წინ, პოლკმა 4 წევრიანი გუნდი შეკრიბა, რათა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ტეხასურ ჰოლდემში დაემარცხებინა. ექსპერიმენტის მიზანი ხელოვნური ინტელექტის კომპლექსურ გარემოში დატესტვა იყო, როცა გადაწყვეტილებები წინასწარ გაწერილი არაა და რობოტს იმპროვიზაცია სჭირდება. პოლკმა და მისმა გუნდმა რობოტი მართლაც დაამარცხეს და $200.000 დოლარიანი ანაზღაურების გარდა, მსოფლიოში ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშეების სტატუსიც მიიღეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ დუელის გამარჯვებული დენიელ ნეგრანუ გახდეს.