ტომ დუანი პოკერის 'ოქროს ერას' აანონსებს
პოკერის მოთამაშემ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორმა და ბიჰეივიორალისტმა, ბრენდონ ადამსმა, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ პოდკასტში ტომ დუანი მიიწვია. წყვილმა საათნახევრის განმავლობაში დუანის კარიერის დასაწყისზე, თამაშის ფსიქოლოგიაზე, ამერიკის ეკონომიკასა და არჩევნებზე ისაუბრა.
დუანმა High Stakes Poker-ში პირველი გამოჩენა გაიხსენა: "როცა High Stakes Poker-ში მოვხვდი, ვფიქრობ, ჩემი თამაშის დონე გაცილებით აღემატებოდა სხვებისას. განსხვავება აშკარა იყო. ამიტომაც, ძალიან ბევრ დარიგებას ვთამაშობდი, რაც სახალისო საყურებელი იყო. გარდა ამისა, ეს ჩემი პირველი სატელევიზიო გადაცემა იყო. იმის გამო, რომ ბევრ დარიგებაში შევდიოდი, ხშირად ბლეფის კეთება მიწევდა, რაც წარმატებით გამომდიოდა. საქმე ის იყო, რომ თუ მართლა კარგი ხელი მყავდა, მოთამაშეები კარგადაც მიხდიდნენ. ამჯერად, თამაში გაცილებით გართულებულია. ამასთან ერთად, კარგა ხანია, რაც ულიმიტო ჰოლდემი აღარ მითამაშია, რის გამოც ჩემი თამაში შედარებით შესუსტებულია."
დუანმა ის პერიოდიც გაიხსენა, როცა თამაშს სწავლობდა: "მაშინ პოკერზე განათლების მიღება ადვილი საქმე არ იყო. უმეტესად ონლაინ ვთამაშობდი, რის გამოც გაცილებით მეტი დარიგების ნახვა მიწევდა. როცა ლაივ მაგიდასთან ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ მოწინააღმდეგეებზე მეტი ხელი მქონდა ნათამაშები, რაც გამოცდილებას მმატებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობდი, რომ ლაივ მოთამაშეებისგან ის მესწავლა, რაც მე არ ვიცოდი." რა უნდა ესწავლა პოკერის ამომავალ ვარსკვლავს სხვებისგან? პირველ რიგში, ეს ლაივ 'თელები' იყო - მოთამაშის საქციელის მიხედვით მისი სავარაუდო ხელის შეფასება. მაგრამ რასაც დუანი ხაზს უსვამს, ის მოწყენილობაა, რომელიც ლაივ სათამაშო მაგიდასთან ხშირად ისადგურებს: "შეიძლება, ერთი საათი ისე გავიდეს, რომ ნორმალური ხელი არ მოგივიდეს. ეს კი აქტიურობას და ბლეფს გაიძულებს. როცა მონიტორზე რამდენიმე მაგიდა გაქვს გახსნილი, სათამაშო ხელი ხშირად გირიგდება და მოწყენილობას არ გრძნობ."
ტომ დუანის აზრით, არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს ონლაინ პოკერზე. "ამერიკელებს პოკერი ძალიან უყვართ. თუ მთავრობა სწორ რეგულაციების მიიღებს, რაც სათამაშო პლატფორმებს ბოტებისა და 'ჩითერების' კონტროლის საშუალებას მისცემს, ამერიკაში პოკერის 'ოქროს ხანა' დაიწყება. თუმცა, ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა."
პოდკასტის სრული ჩანაწერის ნახვა ბრენდონ ადამსის იუთუბის გვერდზეა შესაძლებელი: